კიევში მოკლული ჟურნალისტის ანტიქართული ტექსტები და ფოტო, რომელსაც ქართველები ვერ ივიწყებენ

“რუსეთი ჩემი ქვეყანაა, შეიძლება ის არ არის მართალი, მაგრამ ის ჩემი ქვეყანაა, შეიძლება ჩემი არმია არ არის მართალი, მაგრამ ის ჩემი არმიაა” – კიევში მოკლული ჟურნალისტის ჩანაწერები და ფოტო, რომელსაც ქართველები ვერ ივიწყებენ 

წუხელ კიევში ცნობილი რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს. ბაბჩენკო უკრაინაში ამ ქვეყნისადმი სოლიდარობისა და რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად გადავიდა საცხოვრებლად. ის ცნობილია, როგორც რუსული პროპაგანდის რადიკალური მოწინააღმდეგე და კრიტიკოსი. არკადი ბაბჩენკოს სიკვდილმა საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ბევრს ახსოვს, 2008 წლის საქართველო-რუსეთს შორის ომის დროს მის მიერ ცხინვალის რეგიონზე მომზადებული მასალები, სადაც ის რუსეთის პოზიციებს იცავდა და საქართველოს პოზიციას მცირე ერისადმი ფაშისტურ დამოკიდებულებას უწოდებდა.
არკადი ბაბჩენკო 2008 წლის 9,10 და 11 აგვისტოს ჩეჩნების დაჯგუფება “ვოსტოკთან” ერთად ცხინვალიდან გორში ჩავიდა. ამ დაჯგუფებას სულიმა იამადაევი ხელმძღვანელობდა. ბაბჩენკომ რეპორტაჟების სერია მოამზადა, რომელიც რუსულ პროპაგანდისტულ სტილში იყო გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ იგი ემიჯნებოდა რუსეთის ხელისფლების საშინაო პოლიტიკას, აგვისტოს ომის დროს ქართველებს „ფაშისტებს” უწოდებდა და წერდა, რომ აგვისტოს ომში საქართველოა დამნაშავე, რომ ქართული მხარე თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას.

წლების განმავლობაში და გარდაცვალებამდე ბაბჩენკოს  „ფეისბუქის“  მთავარ გვერდზე ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე გადაღებული ფოტო ედო. მაშინ იმ მოედანს “სამი აფეთქებული ტანკის მოედანს” უწოდებდნენ. ფოტოზე არკადი ბაბჩენკო ერთ-ერთი აფეთქებული ქართული ტანკის ფონზეა გადაღებული, მკლავზე კი ოსი ბოევიკების თეთრი სამკლავური უკეთია. როგორც წლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში იგი იხსენებს, ტანკის გვერდზე ჯარისკაცის წელის ნაწილი ეგდო. “მაშინ საკუთარი თავის რუსეთთან ასოცირებას ვაკეთებდი. რუსეთი ჩემი ქვეყანა იყო. ცხადია, მე ვახდენდი საკუთარი თავის ასოცირებას რუსეთის არმიასთან. რუსეთის არმია ჩემი არმია იყო, ხოლო ჩემი პოზიცია ასეთი გახლდათ – რუსეთი ჩემი ქვეყანაა. ის არ არის მართალი, მაგრამ ჩემი ქვეყანაა. ჩემი არმია არ არის მართალი, მაგრამ ის ჩემი არმიაა” – რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ იხსენებდა ბააბჩენკო რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ჟურნალისტმა აგვისტოს ომის და საკუთარი თვალით ნანახის გაანალიზება მოგვიანებით დაიწყო. შემდგომში მომზადებულ სიუჟეტებში იგი წერდა, რომ საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე საომარი მოქმედების დაწყებისა და საკუთარი ტერიტორიების დასაცავად სამხედრო ოპერაციის წარმოების უფლება ჰქონდა. ამის შემდეგ მას უკვე თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში აღარ უშვებდნენ.

“რუსეთმა საქართველოს პროვოცირება მოახდინა რამდენადაც შეეძლო. მან პირველივე შესაძლებლობისთანავე საკუთარი არმია შეიყვანა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. კარგი, დავუშვათ, სამხრეთ ოსეთს წყეული ქართველი ფაშისტები თავს დაესხნენ, მაგრამ აფხაზეთი რატომ დაიპყრეს? ეს იმაზე მიუთითებს, რომ ომს წინასწარ ამზადებდნენ და რომ დაგეგმილი იყო საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელობანი ნაწილის ან სრული ოკუპაცია. მადლობა ღმერთს, მსოფლიო საზოგადოება მალევე ჩაერია კონფლიქტში და ეს საქმე შეაჩერა” – ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ წერდა არკადი ბაბჩენკო.

 

 

ეკატერინე  ლემონჯავა

“თაიმერი’

banner
წინა სტატიაშითუ ასადის გადაწყვეტილების შესახებ საგარეო უწყებამ მედიისგან გაიგო, დასტურდება უწყების უსაქმურობა და უპასუხისმგებლობა – ბოკერია
შემდეგი სტატიაპარლამენტი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებს