კიევში არსენ ავაკოვის შვილი დააკავეს

უკრაინის შს მინისტრის შვილი სკანდალში ეხვევა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევში დააკავეს ალექსანდრე ავაკოვი – უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის შვილი, ელვისებურად გავრცელდა მასმედიაში. ანალიტიკოსებმა ეს ფაქტი შეაფასეს, როგორც პრეზიდენტ პოროშენკოსა და ავაკოვს შორის არსებული დაპირისპირების კიდევ ერთი მტკიცებულება.


ალექსანდრე ავაკოვი დააკავეს ჩხრეკის შედეგად, რომელიც მის სახლში ჩაატარეს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებმა. პირველად ამის შესახებ 31 ოქტომბერს განაცხადა შსს-ს ყოფილმა მრჩეველმა ილია კივამ ტელეარხ “112 Украина”- თვის მიცემულ ინტერვიუში.
“ჩხრეკა უკვე დასრულდა. მე ვიცი, რომ ავაკოვის შვილის საქმეს სასამართლოს გადასცემენ. მათ მისი დაპატიმრება უნდათ, რათა მოახდინონ მანიპულირება და მინისტრზე ზეწოლა”, – თქვა კივამ.
როგორც უკრაინული მედია წერს, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ კივას გაკეთებული განცხადების შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა ჩხრეკის ფაქტი.
საქმე ეხება თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტს. კერძოდ, ანტიკორუფციული ბიურო თვლის, რომ 2015 წელს უკრაინული ეროვნული გვარდიისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამხედრო ზურგჩანთების შესყიდვა არასწორად ჩატარდა და გაიფლანგა 14 მილიონი გრივნა ( 521000$). ალექსანდრე ავაკოვთან ერთად დაკავებულნი არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგეი ჩებოტარი და ტენდერში გამარჯვებული ზურგჩანთების ფირმის წარმომადგენელი, რომლის გვარი არ სახელდება ამ ეტაპზე.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ გააჩნია რუსეთის მოქალაქეობა
შემდეგი სტატიაარსენ ავაკოვი: “კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, რომ ეს არ გამოგივათ!”