” ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ხალხში განმტკიცდეს სარწმუნოება მართლმადიდებელი, სიყვარული და სასოება”

უფალო, რომელიც გვაძლევს ამდენ მადლსა და ამდენ კურთხევას, უფალი მოჰკითხავს ყველ ჩვენგანს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ხალხში განმტკიცდეს სარწმუნოება მართლმადიდებელი, სიყვარული და სასოება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

„გლოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, მცხეთობას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად ვართ, რა წმინდა ადგილია ეს. ეს არის ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო ხალენი წმინდანი ილია წინასწამეტყველისა. ეს არის ის წმინდა ადგილი, სადაც იყო დაკრძალული კვართი უფლისა, სადაც მრავალი საქართველოს მეფე და დედოფალი ეკურთხებოდა, სადაც დღესაც ჩვენ დროს ეკურთხება კათალიკოს პატრიარქი და ეპისკოპოსი. იმდენად წმინდა ადგილია სვეტიცხოველი, რომ როცა მირიან მეფემ იგრძნო მოახლოება გარდაცვალებისა, მან დატოვა ანდერძი, რომ არ დასაფლავებულიყო აქ, რადგან უღირსად თვლიდა თავის თავს და იყო დასაფლავებული იქ, სადაც სამთავროს მონასტერია. მრავალი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ წმინდა ტაძარში და ყოველი ადამიანი, რომელიც შემოდის რწმენით და სიყვარულით, გრძნობს მადლსა უფლისასა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ განსაკუთრებულად მიულოცა დღევანდელი დღე უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებს და ოსებს.

“დალოცვილი და გახარებული იყავი. გილოცავთ ყველას ამ უდიდეს დღესასწაულს თქვენ და მთელ საქართველოს, განსაკუთრებით ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ვულოცავ აფხაზებს, რომლებიც მოწყვეტილი არიან დროებით და მალე ჩვენთან ერთად ვიქნებით ღვთის წყალობით. ვულოცავ ოსებს, რუსებს და ყველას. დიდი ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. უფალი, რომელიც გვაძლევს ამდენს მადლსა და ამდენ კურთხევას, უფალი მოჰკითხავს ყველ ჩვენგანს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხში განმტკიცდეს სარწმუნოება მართლმადიდებელი, სიყვარული და სასოება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მადლი მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ კურთხევა და მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და ჩვენს ეკლესიაში“, – აღნიშნა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიანტალია-ქემერის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ძლიერი აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატია“ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვაზე პროკურატურას მძიმე პოზიცია ექნება”