„ყველა პირველკურსელს ვთხოვ, არ ჩააგდოთ მოქალაქეობრივი გამოცდა – აუცილებლად მიდით არჩევნებზე!“

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, ახალი სასწავლო წელი მიულოცა, მათ მოქალაქეობრივ ვალდებულებებზე ესაუბრა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

„მიხარია, რომ ამ მშვენიერ უნივერსიტეტში თქვენთან ერთად ვარ დღეს. თითქოს თქვენთან ერთად ვიწყებ რაღაც ახალ ეტაპს, რადგან ცოდნის, შემეცნების და თუნდაც, ცოდნის გაცემის პერიოდი ძალიან საინტერესო, ინტენსიური და ხშირად სტრესულიცაა.

თქვენ გადადგით ეს ნაბიჯი – მიაღწიეთ, გაიმარჯვეთ, გახდით სტუდენტები და ამავე დროს ბევრ პირველკურსელს ახლა პირველად ეძლევა შესაძლებლობა გახდეს ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის ფორმირებაში, სახელმწიფოს შექმნის პროცესში.

სახელმწიფო ეს არ არის უბრალოდ რაღაც სტრუქტურა. როგორ იფუნქციონირებს სახელმწიფო სტრუქტურები, რამდენად კვალიფიციურად იმუშავებს ისინი, რამდენად სწორი მიმართულებით განვითარდება ქვეყანა – ამ შინაარსს მასში დებენ ის ადამიანები, ვინც თქვენ უნდა აირჩიოთ და ვინც თქვენ უნდა დანიშნოთ მნიშვნელოვან ადგილებზე, იმ თანამდებობებზე, რომლებიც განაპირობებენ შემდეგ ჩემი, თქვენი, თქვენი ახლობლების, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავლის განვითარებას. ეს დღეს თითოეული თქვენთაგანისათვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა – თქვენ გახდით სტუდენტები და ამავე დროს, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ხმა მისცეთ 8 ოქტომბრის არჩევნებში.

მე პირადად მინდა გთხოვოთ, ყველა პირველკურსელს, ვისთვისაც ეს პირველი, მოქალაქეობრივი გამოცდაა, რომ ჩააგდოთ ეს გამოცდა – აუცილებლად თქვენი მოქალაქეობრივი ვალი შეასრულეთ და მიდით არჩევნებზე.

მე არ გეტყვით ვის უნდა მისცეთ ხმა, არც პოლიტიკურ ლიდერზე მიგითითებთ, არც პარტიაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გააკეთოთ არჩევანი.

მე ვიცი, არსებობს გარკვეული ნიჰილიზმიც, ცოტა ცხვირაწეული საუბარი პოლიტიკაზე. ეს საუბარი არასწორია და პირველ რიგში, ეს ცინიზმი დაცლილი, ფუტურო და შინაარსგამოცლილია, რადგან შეუძლებელია შენ არ შეასრულო შენი მთავარი მოვალეობა და მთავარი დანიშნულება, რაც გაქვს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და არ გქონდეს იმედი, არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ შენი ქვეყნის.

შეუძლებელია, რომ ერთი წამითაც კი, უკან გადგე და თქვა, რომ მე ეს არ მაინტერესებს. შეუძლებელია, იმიტომ, რომ აი ამ მომენტში შენ კარგავ იმას, რაც ღმერთმა, შენმა წინაპრებმა და შენმა, აქ ქართველად დაბადებამ მოგცა. მოგცა უფლება, რომ ეს ქვეყანა შენ შექმნა, მოგცა უფლება, რომ ამ ქვეყნის სადავეები გეპყრას შენ ხელში. ეს არ მოსულა შემთხვევით.

25 წლის წინ, როდესაც ვიყავი 18 წლის, მე არ მქონია შესაძლებლობა ამერჩია ჩემი ქვეყნის ხელისუფლება და მთავრობა.

სწორედ ჩემმა და ჩემზე უფროსმა თაობამ შეძლო ის, რომ დღეს მე მაქვს ბედნიერება ვთქვა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე, მთელი თავის პრობლემებით, რაც ამან მოგვიტანა.

იმ სირთულეებით რაც გვაქვს, სულ რამდენიმე კილომეტრში დგას ოკუპანტის ჯარი, ეს არის ბირთვული სახელმწიფო და ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის იმის განცდა, რომ ჩვენი სამშობლოს გარკვეული ტერიტორიები სხვის ხელშია, დროებით, მაგრამ სხვის ხელშია.

ეს იყო 25 წლის წინ. მაგრამ 25 წლის შემდეგ, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა და თავისუფალი ქვეყანა ნიშნავს და გულისხმობს, იმას რომ ეს არის ქვეყანა და საზოგადოება შექმნილი თავისუფალი ადამიანების მიერ.

თავისუფალი ადამიანები ქმნიან თავისუფალ საზოგადოებებს და თავისუფალი საზოგადოებები ქმნიან თავისუფალ პოლიტიკურ სისტემას.

ამ ნაწილში თქვენი როლი არ შეიძლება არ შეფასდეს და არ დაფასდეს.

მაგრამ ამავე დროს, თქვენ გაქვთ ვალდებულება-ვალდებულება იყოთ მოქალაქეები, ვალდებულება გჯეროდეთ, რომ თქვენია ეს ქვეყანა და თქვენ მართავთ ამ ქვეყანას და ამ მართვის პროცესსში თქვენ უნდა იყოთ აქტიურები, მიხვიდეთ 8 ოქტომბერს არჩევნებზე და მისცეთ ხმა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ან პოლიტიკოსს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ტენდენცია, რომელიც სამწუხაროდ, წლის დასაწყისში იყო, როდესაც ჩვენ ვუყურებდით ვითარებას, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე არ მიდიოდა არჩევნებზე. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავძლიოთ ეს ტენდენცია და დავძლევთ ისე, რომ ძლიერ, პოლიტიკურ მანდატს მივცემთ მომავალ დეპუტატებს, მივცემთ მათ უფლებას ისაუბრონ ხალხის სახელით და დავაკისრებთ სერიოზულ ვალდებულებას ემსახურონ საზოგადოებას, თავიანთ ხალხს და სამშობლოს.

მე მჯერა, რომ ეს იქნება პარლამენტი, რომელიც რეალურად იმას შექმნის რაც ვართ ქართველები. ქართველები არასდროს ვმღეროდით ერთ ხმაში, ჩვენ ყოველთვის მრავალხმიანი სიმღერით განსაკუთრებულ ჰარმონიას ვქმნიდით, სადაც არსებობს განსხვავებული ტონალობები, მაგრამ არსებობს ერთიანი ემოცია, რომელსაც მე ნამდვილად ვხედავ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სამსახურში.

ამიტომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება თქვენს მიერ შემოხაზული. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის, ვინც იქნება პარლამენტში ამ მრავალხმოვანებაში იღებდეს მონაწილეობას და მრავალი სხვადასხვა, სამშობლოზე ნათქვამი სიმღერითა და სიტყვით აძლიერებდეს ჩვენს ქვეყანას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენ საოცარი დღეები გელით წინ და გთხოვთ, პირველ რიგში, პირველკურსელებს, ისევე როგორც ყველას, აუცილებლად შეასრულეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი და მიიღოთ მონაწილეობა ქვეყნის ხელისუფლების ფორმირებაში, მიიღეთ მონაწილეობა 8 ოქტომბრის არჩევნებში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან საუბრისას.

საქართველოს უნივერსიტეტების პირველკურსელებს საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის მისალოცი წერილი გაუგზავნა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. ასეთი წერილი დღეს გორის უნივერსიტეტის პირველკუტსელებმაც მიიღეს.

პრეზიდენტმა უნივერსიტეტში მოწყობილი სპორტული კუთხეც დაათვალიერა, სადაც ქვემო ქართლის რეგიონის სპორტსმენების ფოტოები და უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სხვადასხვა საუნივერსიტეტო სპორტულ ასპარეზობებზე მიღებული ჯილდოებია გამოფენილი.

პრეზიდენტს უნივერსიტეტში ოლიმპიური ჩემპიონები ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილიც დახვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ცენტრი. პრეზიდენტის ინიციატივით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სტიპენდია და გორის უნივერსიტეტის ბაზაზე ინოვაციების ლაბორატორია მოეწყო.

banner
წინა სტატიაშინიუ-ჯერსიში პოლიციამ ხუთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა
შემდეგი სტატიაზუგდიდში შუახნის ქალბატონს ტრაილერი დაეჯახა