“ხელისუფლების მხრიდან “მაესტროს” სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ყოველგვარი ნიშანი უნდა გამოირიცხოს”

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

სახალხო დამცველის აპარატი ტელეკომპანია “მაესტროს” გარშემო მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. როგორც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მედიის მრავალფეროვნება იყოს უზრუნველყოფილი.
“ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია “მაესტროს” სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ყოველგვარი ნიშანი უნდა გამოირიცხოს, კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს ამასთან დაკავშირებით. თუკი საუბარია კონკრეტულ ცვლილებებზე, აუცილებელია ეს ფორსირებულ რეჟიმში არ წარიმართოს, რათა ჟურნალისტებს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცეთ. ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმელუდე დეპუტატის ხარაკირი, ანუ თოფაძე, როგორც „ოცნების“ თავის ტკივილი
შემდეგი სტატიაTV 11 ის ეთერში ახალი ბანერი გაჩნდა წარწერით “მაესტრო 24”