ხელისუფლებამ აირჩია არასწორი გზა და გამოუცხადა ღია ომი სიტყვის თავისუფლებას – მამუკა გამყრელიძე

“ახალი ერთობა საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიის ფუნდამენტური ორიენტირია, რომლის არსებობაც საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა:

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია – დემოკრატიის ფუნდამენტური ორიენტირია, რომლის არსებობაც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ნაცვლად, სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული კრიზისული სიტუაციის დაძლევისა, ხელისუფლებამ აირჩია არასწორი გზა და გამოუცხადა ღია ომი სიტყვის თავისუფლებას.

მიმდინარეობს სხვადასხვა სატელევიზიო მაუწყებლების დამორჩილების მეთოდური პროცესი, რისი დასკვნით ფაზას ჩვენ ვხედავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის კასტრაციის სახით.

რაც შეეხება დამოუკიდებელ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, ის რჩება თავისუფალი სიტყვის უკანასკნელ ფორპოსტად, რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლებამ ყველა შესაძლებელი მეთოდის გამოყენება დაიწყო, მათ შორის ყველაზე მიუღებელი ამ პროცესებში ხელისუფლების მიერ მართული სასამართლოსა და მოსამართლეების ჩართვაა.

იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების მეცადინეობით, სამართლებრივი ბრძოლის ყველა ბერკეტი ქრება, კანონიერების დაცვას იწყებს საზოგადოება.

მოძრაობა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ღირებულებების ხელშეუხებლობის დაცვა. ჩვენი მოძრაობა, როგორც სათათბირო პლატფორმა შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და კრიტიკულ მომენტებში მოიწვიოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია და თავად შეუერთდეს ყველა იმ აქტივობას და პოლიტიკური ბრძოლის ხერხებს, რომლებიც მოწოდებულნი იქნებიან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის დასაცავად.

გარდა ამისა, ვითვალისწინებთ რა იმ რეალობას, რომ ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი და მხოლოდ ერთი პოლიტიკური აქცია ვერ იქნება შედეგის მომტანი, გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს თავისუფალი სიტყვის დაცვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიე.წ. მოსმენების კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით მომავალ სასესიო კვირას განიხილავენ
შემდეგი სტატიამარშანია: ნდობის ჯგუფის წევრობის ყველა კანდიდატმა სიცრუის დეტექტორი უნდა გაიაროს