“ხელისუფლება აგრძელებს კორცხელიზაციას”- გოგა ონიანი მისი შტაბის უფროსსა და აქტივისტზე თავდასხმის შესახებ

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგა ონიანის განცხადებით მისი შტაბის უფროსს და აქტივისტს ვაზისუბანში ქართული ოცნების მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ახალგაზრდებს ვაზისუბანში ქართული ოცნების ოფისის გვერდით მდებარე სუპერმარკეტიდან გამოსვლის შემდეგ 30-მდე ადამიანი დაესხა თავს და ისინი ხელკეტებით სცემეს. ერთ-ერთი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
საავადმყოფოში იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ისინი ძალადობაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

„ეს არის ძალიან საშიში კრიმინალური ხელისუფლება სამწუხაროდ, ხელისუფლება, რომელიც აგრძელებს კორცხელიზაციას და როგორც ჩანს ჩვენ ყველა უბანში, ყველგან უნდა ველოდოთ დაახლოებით იგივეს,“-აცხადებს გოგა ონიანი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა ელენე ხოშტარიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.

“ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ცემით, ძალადობით, შანტაჟით და ესეთი გზებით ესაუბრება თავის მოქალაქეებს და ოპონენტებს. ამას ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ოჯახს მანქანიდან ბებიის ცხედარი მოპარეს
შემდეგი სტატიაირაკლი აბუსერიძის საარჩევნო შტაბი გიორგი ონიანის ბრალდებებს პასუხობს