„ყაზტრანსგაზ თბილისში” აცხადებენ, რომ გაზის სუნი ქალაქში დღის ბოლომდე გაიწოვება

„ყაზტრანგაზ თბილისის“ დირექტორის ნინო თურმანიძის განცხადებით, გაზის სუნი ქალაქში დღის ბოლომდე გაიწოვება.

ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორმა ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შექმნილი სიტუაცია გამოწვეულია იმით, რომ თბილისის რამდენიმე რაიონში ოდორანტის რაოდენობა საგრძნობლად აღემატება დადგენილ ნორმებს.

„თბილისში გაზის სუნის საგრძნობ მატებასთან „ყაზტრანსგაზ – თბილისს“ არანაირი შეხება არ აქვს და პასუხისმგებელი არ არის. ბუნებრივი აირისთვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ოდორანტის საშუალებით ხდება. აღნიშნულ პროცესს და მასზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია. ეს პროცესი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება. მომატებული გაზის სუნი არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიის ქსელი არის გაუმართავ მდგომარეობაში. ოდორანტის დოზირება როცა არის ნორმით, მაშინ გაზის სუნი ასე მძაფრად არ იგრძნობა”, – განაცხადა ნინო თურმანიძემ.

მისივე თქმით, სუნის საგრძნობი მატება მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და არ არის დაკავშირებული გაზის გაჟონვასთან.

“ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო ნივთიერების – ოდორანტის გარემოში ზედმეტად დიდი რაოდენობით გაჟონვის გამო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე რაიონში ოდორანტის რაოდენობა საგრძნობლად აღემატება დადგენილ ნორმებს. შესაბამისად, ამან გამოიწვია ეს სიტუაცია. დაახლოებით დღის ბოლოსთვის ეს სუნი აღარ იქნება, გაიწოვება“, – განაცხადა თურმანიძემ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ და ფართი გაანიავონ.

banner
წინა სტატიაშილევან ბეჟაშვილი „ქართულ ოცნებას“ მათი აქტივისტების დაშინებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა