საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქს, მკვლელობის მომზადებისთვის დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი აქვს. ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ილია მეორის პოზიციაზე უჩა ნანუაშვილმა, პატრიარქის მონახულების შემდეგ ისაუბრა.
ნანუაშვილის თქმით, ილია მეორემ დაკავებული დეკანოზის მონახულების სურვილი მასთან შეხვედრისას გამოთქვა. ამასთან, ნანუაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ხელწერილზე პირობების შეცვლა. „იმ პირობებში, როცა პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან არა ერთი საჯარო განცხადება გაკეთდა, სამწუხაროდ, დაცვას საკუთარი არგუმენტების გაზიარების შესაძლებობა არ ეძლევა. ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული დარღვევა. ამ ფონზე ახალი ადვოკატისთვის გარკვეული პირობების წაყენება მეტ კითხვის ნიშნებს წარმოშობს“, – განაცხადა ნანუაშვილმა.