კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე, სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მომზადდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი გააცნეს.

სტრატეგიის მიზანი ერთიანი, მოქნილი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უწყებათა ერთიანი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ქვეყანაში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას უზრუნველყოფს.

დოკუმენტი შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით არის შემუშავებული. სტრატეგიის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუძღვით.

კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე მომზადებულია სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები, მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი და საჭიროების შემთხვევაში დამხმარე უწყება/ორგანიზაციები, კონკრეტული ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო დრო და დაფინანსების წყარო (სახელმწიფო ბიუჯეტი ან/და დონორი ორგანიზაციის დახმარება/გრანტი).

დოკუმენტი გაერო-ს რამდენიმე გლობალური ჩარჩო-დოკუმენტის მიზნების ინტეგრირებას უზრუნველყოფს და აღნიშნულით „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ აღებული ვალდებულებების შესრულებას ბუნებრივი კატასტროფების მართვის მიმართულებით; სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შესაბამისობაშია გაეროს „კატასტროფის რისკის შემცირების სენდაის სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა 2015-2030“-ის პრიორიტეტულ მიმართულებებთან.

დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა 2016 წლის აპრილში დაიწყო, საერთაშორისო, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა და უახლოეს მომავალში, დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დარჩენას აპროტესტებს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე აშშ-ში ელჩობის საქმიანობას წლის ბოლომდე შეუდგება