“კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს დაესვა კითხვები, თუ როგორი იყო ბოკერიას და მელიას როლი კორცხელის პროვოკაციის დროს”

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს დღეს ხელმძღვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საარჩევნო შტაბს 2013 წელს, მაშინ, როდესაც სწორედ ამ გუნდის დახმარებით, სოფელ და ქალაქ-ქალაქ სიარულით, პრეზიდენტი გახდა გიორგი მარგველაშვილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი, არაკორექტული და არაეთიკურია პრეზიდენტის მხრიდან საუბარი, კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებდა საარჩევნო შტაბს არჩევნებში მონაწილეობის პროცესში“,-აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ძალიან კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს დაესვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ბოკერიას და მელიას როლი კორცხელის ინციდენტის, პროვოკაციის დროს.

„ეს იქნებოდა ძალიან კარგი. ჩვენ, რა თქმა უნდა, კორცხელის ინციდენტზე ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამომავლოდ, ოქტომბრის არჩევნებში განსაკუთრებით, მსგავსი შემთხვევა არ გამეორდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძრვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ამ შტაბს 2013 წელს, მათ შორის კახა კალაძეც იყო ის ადამიანი, რომელიც პრეზიდენტს დაყვებოდა ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ძალიან კარგად იცის გიორგი მარგველაშვილმა, რა ღირებულებების მატარებელია კახა კალაძე, რა მიზნები ამოძრავებს მას, როგორც პოლიტიკაში ისე ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, კიდევ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება არის, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკური და არაკორექტული“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაოლანდმა საფრანგეთისა და “ისლამურ სახელმწიფოს” შორის ომზე ისაუბრა