,,კარგად მოვემზადეთ, რადგან ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა არა მეწილეებს შორის, არამედ ხელისუფლებასთან”

ჩვენ გვაქვს ალტერანტიული გეგმა, რისი მეშვეობითაც მაუწყებლობის გაგრძელებას შევძლებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია “მაესტროს” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ალტერნატიულ გეგმასთან დაკავშირებით ის ამჯერად ვერ ისაუბრებს.

“ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ალტერნატიული გეგმა. კარგად მოვემზადეთ, რადგან ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა არა მეწილეებს შორის, არამედ ხელისუფლებასთან. ამ გეგმასთან დაკავშირებით ამ დროისთვის ვერ ვისაუბრებ. თუ თანამშრომლები გადაწყვეტენ, რომ ყველა ერთად ვრჩებით ამ შემადგენლობით ან დაკორექტირებული შემადგენლობით, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული გეგმა, რისი მეშვეობითაც შევძლებთ მაუწყებლობის გაგრძელებას”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

მისივე თქმით, რა პროცესებიც ვითარდება “მაესტროსთან” დაკავშირებით, ეს არის ბრძოლა “მაესტროსა” და ხელისუფლებას შორის და გია და ლევან გაჩეჩილაძეები არიან უბრალოდ ინსტრუმენტები.

“საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება არის უკანონო. ეს არის ხელისუფლებასა და “მაესტროს” შორის დავა და ჩემდა სამწუხაროდ, ლევანი და გია არიან ამ ყველაფრის ინსტრუმენტები. რადგანაც მე თვითონვე ვთქვი, რომ კანონიდან გასვლას არ ვაპირებ, აქედან გამომდინარე, დავემორჩილები რეესტრის უკანონო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გადაბაძემ.

მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძე ამ ტელევიზიაში მუშაობას ვერ შეძლებს.

“თუ მას აქვს ალტერნატიული ფართი, სადაც შეუძლია ჟურნალისტებთან გასაუბრება და შეთავაზების გაკეთება, მე მზად ვარ, მოვისმინო ეს შეთავაზება თუ ჩემს მიმართ ექნება და ასევე ჟურნალისტები მზად არიან, მოისმინონ ეს წინადადება”, – განაცხადა გადაბაძემ.

მისივე თქმით, თანამშრომლებს ესაუბრა და იცის მათი პოზიცია, მაგრამ ეს პოზიცია ცოტა ხანში ღიად დაფიქსირდება.

რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, გადაბაძის თქმით, ნახევარი არის მაკა ასათიანის მფლობელობაში, ნახევარი კი, ტელევიზიის მფლობელობაში.
“თუ ლევან გაჩეჩილაძე კამერას და მიკროფონს წაართმევს ჟურნალისტებს, ეს მისი გადასაწყვეტია” – განაცხადა გადაბაძემ.

მისივე თქმით, მეურვეს შენობაში შესვლის პრობლემა არასდროს ჰქონია და არც ამჯერად ექნება.

“თუ მეურვესთან ერთად მოვა, პირველ რიგში, მეურვეს შევუშვებთ შენობაში და მას არასდროს არ ჰქონია პრობლემა შენობაში შესვლასთან დაკავშირებით. თუმცა არის მეორე საკითხი, მეურვე არის “სტუდია მაესტროს” ქონების მეურვე და არა სხვა კომპანიის, მასაც ჩემი ნებართვის საფუძველზე ვუშვებ შენობაში და არა იმიტომ, რომ კანონი მავალდებულებს”, – განაცხადა გადაბაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე დღეს, “ქართული ოცნების” ოფისში დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კომენტარს აკეთებს