კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო რეგიონში კვლავ პირველია

2016 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო 0,65 ქულით მოწინავე პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 13 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა შემდეგ ფაქტორებში – კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების) და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება.

კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, საუკეთესო მაჩვენებელი − 0,75 ქულა საქართველოს 2016 წელს აქვს წესრიგი და უსაფრთხოების ფაქტორის მიმართულებით, სადაც შარშანდელი მაჩვენებელი 0,08 მონაცემითაა გაუმჯობესებული.

შენარჩუნებულია მონაცემი კორუფციის არარსებობის კომპონენტში, რომლის თანახმადაც, ქვეყანას წელს, შარშანდელის მსგავსად, 0,73 ქულა აქვს. მაღალი მაჩვენებელი − 0,68 ქულა აქვს ქვეყანას ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით, ღია მმართველობის ფაქტორის მაჩვენებელი 0,63 ქულას შეადგენს; აღსრულების − 0.62 ქულას, ხოლო სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ფაქტორის თანახმად, საქართველოს 0,61 და 0,56 ქულა აქვს. რაც შეეხება ბოლო, მე-8 ფაქტორს − მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები − ქვეყანა აქაც ინარჩუნებს შარშანდელ მონაცემს − 0,62 ქულას.

საქართველოს მოწინავე პოზიცია 2016 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის რეიტინგში მნიშვნელოვანია ორი გარემოების გათვალისწინებით. კერძოდ, რამდენადმე შეიცვალა რეიტინგის გაზომვის მეთოდოლოგია და ამასთან, გაიზარდა ინდექსით შეფასებული ქვეყნების რაოდენობა. თუ 2015 წელს კანონის უზენაესობის ინდექსით 102 ქვეყანა შეფასდა, წელს შესაფასებელი ქვეყნების რაოდენობა 113-მდე გაიზარდა. შესაბამისად, საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსის სტაბილურად მაღალი და ზოგიერთ კომპონენტში გაუმჯობესებული მონაცემით, მსოფლიოს 113 ქვეყანას შორის 34-ე ადგილს იკავებს, ხოლო 2015 წლის მონაცემების მიხედვით, ის მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზე იმყოფებოდა.

ინდექსის თანახმად, საქართველო კანონის უზენაესობის მაჩვენებლის მიხედვით წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: იტალია (35-ე ადგილი), ხორვატია (39-ე ადგილი), საბერძნეთი (41-ე ადგილი), უნგრეთი (49-ე ადგილი).

2016 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, მსოფლიო რეიტინგში დანია ლიდერობს, ხოლო ნორვეგია და ფინეთი მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ვენესუელას (მე-113 ადგილი), კამბოჯას (112-ე ადგილი) და ავღანეთს (111-ე ადგილი) აქვს.

banner
წინა სტატიაშიცესკო 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიასოფელ ყიზილაჯლოში ხმის მიცემის პროცესი დროებით შეწყდა