(video) “კალაძემ გამხადა იძულებული”- ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის სკანდალური დოკუმენტზე ალაპარაკდა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავი2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით, სკანდალური დოკუმენტის გასაჯაროების მიზეზებზე ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა. ოქრუაშვილის თქმით, მას დოკუმენტის გასაჯაროება კახა კალაძის ქმედებებმა აიძულა, მისი თქმით მან კალაძეს შეუთვალა, რომ თუ მის წინააღმდეგ ბრძოლას თავს არ დაანებებდა ის ამ დოკუმენტს გაასაჯაროებსა.

 

“კიდევ დიდხანს არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, ამ დოკუმენტის გასაჯაროებას, არ ვაპირებდი, ვიდრე არ დამთავრდებოდა ის სასამართლო დავა, რომელიც მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში, ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, მე იძულებული გამხადეს. მე არ ვაპირებდი ამის გამომზეურებას არჩევნების შემდეგად გარკვეული დროის განმავლობაში და ვაპირებდი, უფრო სხვა ტიპის ურთიერთობებით გამერკვია ეს პრობლემა. გარკვეულმა გარემოებებმა იძულებული გამხადა ეს გამეკეთებინა, ეს პიროვნება არის კახა კალაძე. რომელიც სამი წელია, ჩემთან ურთიერთობაში ჩასაფრებული და ფეხის დამდების პოზიციიდან რაღაცნაირად მეკინკლავება თუ მებრძვის.

რომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები რა შუაშია კახა კალაძე, პატარა პრეისტორიას მოვყვები: საერთოდ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნება, მინდოდა ბიზნესში, ენერგეტიკაში რაღაც პროექტის დაწყება, ქარის ტურბინების დამონტაჟება გორში, შესაბამისი წინადადებით მივმართე მას და მივიღე სრული იგნორირება. ის ხელმძღვანელობდა უშუალოდ ჩემი საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების პროცესს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ის ხელმძღვანელობდა ამას როგორც ცსკ-ში, ასევე სასამართლოებში, ის ხელმძღვანელობდა არჩევნებს გორში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მე გამარჯვებას მივაღწიე, ეს გამარჯვება მომპარეს და წამაგებინეს. ის ხელმძღვანელობდა საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ჩემი თანაგუნდელის ილია მეტრეველის გადაყენების პროცესს. წინასწარ იცოდა და იყო ჩემი გზავნილი ამის შესახებ, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, მე ამ ნაბიჯს გადავდგამდი”, – განაცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებასთან” საკმაოდ კონსტრუქციული იყო და ჰქონდა გზავნილები, რომ არ აპირებდა ამ დოკუმენტის გასაჯაროებას და “მათ თამაშში შუაში ჩადგომას”, მაგრამ თუ ილია მეტრეველი იქნებოდა გადაყენებული, სხვა გზა არ დარჩებოდა.

“ჩემს ინტერესებში შედიოდა მოვლენების შემდეგნაირი განვითარება იურიდიულად: უზენაეს სასამართლოს რომ გამოეტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რითიც მიაკუთვნებდა ქიბარ ხალვაშს “რუსთავი 2″-ის წილებს, ამის შემდეგ იქნებოდა უკვე ჩემი მხრიდან პრეტენზია გაცხადებული. მე არ ვაპირებდი უზენაეს სასამართლომდე, მითუმეტეს არჩევნებამდე ამ პრეტენზიის წამოყენებას, მითუმეტეს იმიტომ, რომ არჩევნებში ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა ხელისშემწყობი არც ჩემთვის და არც მათთვის”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

https://youtu.be/_HkVPmrFqgI

banner
წინა სტატიაშიკლინტონმა არჩევნებში რუსული მხარის ჩარევის გამო შეშფოთება გამოხატა
შემდეგი სტატია“ეს არის გზა არსაით” – ნიკა რურუა თბილისში შეჩერებულ პროექტებს აპროტესტებს