კახი კალაძე რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარის შექმნის შესახებ საუბრობს

შეიქმნას რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი

KALADZE2“საქართველო, როგორც ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე, კავკასიის რეგიონში განიხილება როგორც ფლაგმანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის საქმეში. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ გაძლიერდეს რეგიონალური თანამშრომლობა ელექტროენერგიით ვაჭრობის მეშვეობით, აგრეთვე ხელი შეეწყოს პოლიტიკური დიალოგის წარმოებას, განვითარდეს ეფექტური სატრანსპორტო დერეფანი და მოიზიდოს მასშტაბური ინვესტიციები რეგიონალურ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება-განვითარებაში. ჩვენი რეგიონისთვის – სამხრეთ კავკასიისთვის ენერგეტიკულ თანამშრომლობას რეგიონალურ დონეზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახალმა, დამოუკიდებელმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა განიცადეს ეკონომიკური და სოციალური სექტორების ჩამოშლა, რასაც თან დაერთო პოლიტიკური კონფლიქტები. სამოქალაქო დაპირისპირების და ბლოკადების შედეგად, სამხრეთ კავკასიის რეგიონი საერთაშორისო ვაჭრობისთვის არამიმზიდველ ტერიტორიად გადაიქცა, რამაც ეკონომიკის ყველა სფეროზე, მათ შორის ენერგეტიკაზეც დიდი უარყოფითი ზეგავლენა იქონია. გავიდა ხანი და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები ორიენტირებული იქნა კასპიის ზღვის ენერგორესურსებზე და მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე, როგორც რესურსებით მდიდარ სივრცეზე და ნახშირწყალბადების ევროპაში ტრანსპორტირების სატრანზიტო დერეფანზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში აგრეთვე მნიშვნელოვნად იქნა შესწავლილი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები ელექტროენერგეტიკაში. ამის დასტურია ის, რომ საქართველომ ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის (BSTN) პროექტი განახორციელა, რომლის ოპერირებაც 2013 წელს დაიწყო. პროექტი აფართოებს საქართველოს გადამცემ სისტემას მეზობელ სახელმწიფოების მიმართულებით, განსაკუთრებით თურქეთის მიმართულებით და უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის ექსპორტის, იმპორტის და სატრანზიტო ოპერაციების საიმედოობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ენერგეტიკაში და მიზნად ისახავს საქართველოსა და თურქეთის ელექტროგადამცემ ქსელების შორის 700 მვტ. სიმძლავრის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას”, – ამის შესახებ კალაძემ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის სესიაზე “რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა ენერგიის ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის გზით” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტის ლოგიკური გაგრძელება მოიცავს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებას იმისათვის რომ, შეიქმნას რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის თავისუფალ და ურთიერთსასარგებლო ტრანსსასაზღვრო გადადინებას.
“დღეისთვის, საქართველომ დაასრულა 500 კვ.-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობა აზერბაიჯანთან, მოახდინა რუსეთთან დამაკავშირებელი 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის რეაბილიტაცია და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვს სომხეთთან დამაკავშირებელი 500 კვ.-იანი გადამცემი ხაზის ექსპლუატაციაში გაშვება.
არსებული და დაგეგმილი დამაკავშირებელი ხაზების მეშვეობით შესაძლებელი ხდება სამხრეთ კავკასიის ქვეყენების ენერგოსისტემების დაკავშირება. აქედან გამომდინარე საქართველოს იძენს “ენერგეტიკული ხიდის” ფუნქციას, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიით ვაჭრობის მოცულობის გაზრდას”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი მოწმეთა დაკითხვის წესში შესატან ცვლილებებს ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას
შემდეგი სტატიადიდთოვლობა აჭარაში, უამინდობამ მოსახლეობას პრობლემა შეუქმნა