კახი კალაძე: “ქართული ოცნება” გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში ადამიანი ხელშეუხებელი იქნება

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეცვალა,- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ჩოხატაურში, ამომრჩეველბთან შეხვედრისას განაცხადა.

„ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად გამოვიარეთ 2012 წელს. ჩვენ ყველა, თითოეული თქვენთაგანი, გავერთიანდით პარტია „ქართული ოცნების“ ირგვლივ, გავერთიანდით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, რომ გვებრძოლა იმ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც 9 წლის განმავლობაში წარმოადგენდა ჩვენს ხელისუფლებას. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ წინა ხელისუფლება, როგორც ეს მშვიდობიან, განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, არჩევნების გზით გავისტუმრეთ. ჩვენ მოვახერხეთ, მოვიპოვეთ ყველაზე ძვირფასი-თავისუფლება და თქვენ, გურულებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიყოთ თავისუფლები. მე ნამდვილად მეამაყება, რომ დღეს საქართველოში განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანები არ იდევნებიან. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო ასეთი ადამიანების მიმართ. თითოეულმა თქვენთაგანმა,თითოეულმა ჩვენთაგანმა ეს სამწუხაროდ საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გამოვიარეთ. გამოვცადეთ ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს მეგობრებზე, ახლობლებზე, ნათესავებზე. ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში ვერასდროს ვერ დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც იძალადებს საკუთარ მოქალაქეებზე,რომელიც იძალადებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კახი კალაძის თქმით, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში ადამიანი ხელშეუხებელი იქნება.

“ჩვენი მთავარი ღირებულებები, თავისუფლება იქნება ხელშეუხებელი და ვერავინ ვერ გაბედავს ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობას, შეურაცხყოფას. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი, მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა ორიენტირებულია იმაზე, რომ თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ქვეყნის ეკონომიკურად სწრაფად განვითარება, რომ შესაძლებელი იყოს მეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. შესაძლებელი იყოს ახალი სოციალური პროექტების განხორციელება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთობლიობით ამას აუცილებლად მოვახერხებთ და გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომბერს, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ წარმატება და წინსვლა ჰქვია. ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს წამოვიწყეთ. მინდა გაგამხნევოთ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.

ამასთან, კახი კალაძემ საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა.

„ძალიან დიდი მუხტია საზოგადოებაში. ჩვენ ჩავდივართ ყველა რეგიონში, ყველა რაიონში, ქალაქებში ვხვდებით მოსახლეობას და მინდა ყველას მოგიწოდოთ ერთად დგომისკენ. ჩვენ უნდა დავამთავროთ ეს დაპირისპირებები. უნდა ვიყოთ უფრო კონსტრუქციულები, საქმეზე ორიენტირებულები, რადგან საზოგადოებაც, ხალხი დაიღალა ამდენი დაპირისპირებებით, შეურაცხყოფების მიყენებით ერთმანეთის მიმართ. უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემაა საჭირო და ჩვენ ამ პოლიტიკურ კულტურას თქვენთან ერთად აუცილებლად შევცვლით ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, მინდა გისურვოთ წარმატებები, მინდა გისურვოთ ის, რომ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი თითოეული თქვენთაგანისთვის“,- აღნიშნა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მინდა, გთხოვოთ როგორც თქვენმა მეგობარმა, ყველამ ერთად შევქმნათ ერთიანი, ძლიერი ენერგია
შემდეგი სტატიაანზორ მელია სასწრაფო დახმარების მიერ პაციენტების კლინიკებში ჩაწყობით გადაჰყვანის შესახებ საუბრობს