კახა მიქაია: თუ ხელისუფლება სასწრაფოდ არ შეცვლის ხალხის მიმართ დამოკიდებულებას ხალხი ქუჩაში გამოვა

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია„დაიცავი საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, კახა მიქაია „ალიასთან“ აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება სასწრაფოდ არ შეცვლის ხალხის მიმართ დამოკიდებულებას და მისი დაკვეთის შესრულებას არ დაიწყებს, ხალხი ქუჩაში გამოვა და რევოლუციის გზით,  ხელისუფლებას თავად გაისტუმრებს პოლიტიკურ მოუსავლეთში. მოკლედ, ქვეყანაში ისეთი დაძაბული ფონია, პოლიტიკური სპექტრი იმდენად უუნაროა, პოლიტიკური ლიდერების გარეშე დარჩენილმა ხალხმა საკუთარ წიაღში რომ მოძებნოს ლიდერები და  „ქართულ ოცნებას“ გადაუაროს, ნამდვილად არ გამიკვირდება.

ბატონო კახა, ის მარაზმი, 2013 წელს რომ დაიწყო და კოაბიტაცია დაერქვა, აღარ უნდა დასრულდეს? „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ აფერისტებს, მათ ბაირამობას, ბოლო აღარ უნდა მოეღოს?

– ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ამ სიმახინჯეს, კოაბიტაციას რომ ეძახიან, საშველი დაადგეს. ესენი უკვე ისე არიან შერწყმულები ერთმანეთთან, გარჩევა ჭირს, პირდაპირ სიამის ტყუპებივით არიან. თავის დროზე საკრებულოც იმიტომ დავტოვე, რომ უკვე „ნაცებისა“ და „ქოცების“ ერთმანეთისგან გარჩევაც ჭირდა, ბოლოს მოვთხოვე, წითელი და ლურჯი მაისურები მაინც ჩაიცვით, რომ კაცმა გაგარჩიოთ–მეთქი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში.

– „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ყველა თანამებრძოლი გარიყა,  „გადააგდო“, ვინც წლები იბრძოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, ვინც ძალიან მძიმე წლები გადაიტანა და ზოგიერთი  ამ რეჟიმს კინაღამ შეეწირა. მათ შორის თქვენც ხართ.

– კი, უმეტესობა გარიყა „ქართულმა ოცნებამ“ და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ის ხალხი მოიშორა ბიძინა ივანიშვილმა, ვინც წინააღმდეგი იყო ამ კოაბიტაციისა, ვინც სამართლიანობის აღდგენის მომხრე იყო, ვისაც მართლა დემოკრატიული ქვეყნის აშენება სურდა და არა სახელმწიფოსი, რომელსაც ერთი კაცი სახლიდან გაუსვლელად მართავდა. გარიყეს ბრძოლისუნარიანი ადამიანები. დღეს უკვე ნათელი გახდა, რა უნდოდა „ქართულ ოცნებას“ – ძალაუფლება და მეტი არაფერი. დანარჩენი, წინასაარჩევნო დაპირებები და სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად უნდოდათ. კარგი, აიღეს ხელში ეს ხელისუფლება, მაგრამ ახლა ყველაფერს კადრულობენ მის შესანარჩუნებლად. რა არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მასაზრდოებელი? -„ნაცმოძრაობა“. თავის ხელისუფლებას „ნაცმოძრაობისგან“ აგებული დიდი გალავანი შემოავლო, საზოგადოებას და „ქართულ ოცნებას“ შორის არის ეს გალავანი და ხალხს ჯერ ამ გალავნის გადალახვა უხდება, რომ მივიდნენ ბიძინა ივანიშვილამდე. ამ გალავანს ამაგრებს, არჩევნების სახით ყოველ წელს „ევრორემონტს“ უკეთებს და ამყარებს. ამ ვითარებით ორივენი კმაყოფილები არიან – „ქართული ოცნებაც“ და „ნაცმოძრაობაც“. არც ამ არჩევნებით შეიცვლება რამე, არჩევნები დასრულდება ისე, როგორც ორივე მხარეს აწყობს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ხალხს ისევ იმას ეუბნებიან, რასაც 3 წლის წინ, ადგილობრივი არჩევნების წინ ეუბნებოდნენ – თუ ხმას ჩვენ არ მოგვცემთ, „ნაციონალები“ დაბრუნდებიან ხელისუფლებაშიო. აშინებენ ხალხს, „ნაცმოძრაობა“ საფრთხობელაა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე ეს მართლა მოქმედებს, ზოგს სჯერა, რომ რევანშით დაბრუნდებიან და ხალხს რაც გადაატანინეს, იმ კოშმარს მოანატრებენ. არა, „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება, მაგრამ „ქართული ოცნების“ წყალობით, ის ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ იტივტივებს და არ ჩაიძირება. რა ტივტივებს და რა არ იძირება, თქვენც კარგად იცით.

– „ნაცმოძრაობის“ ლიდერები რატომ არ იქნებიან კმაყოფილები?  წესით, ციხეებში უნდა ისხდნენ და პარლამენტისა და საკრებულოების წევრები არიან, დანაშაულში მხილებული ხალხი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალ პოსტებზე მუშაობს, მაღალი ხელფასი, პრემია და სახელფასო დანამატები არ აკლიათ. ვინც 9 წელი ხალხს ჯოჯოხეთი გამოატარა, ისევ იმათ ეფერება ეს უნამუსო ხელისუფლება.

– „ქართულმა ოცნებამ“ როგორც კი  მთავარ ოპოზიციურ ძალად „ნაცმოძრაობა“ შეინარჩუნა, ამით ხაზი გადაუსვა ხალხის მოთხოვნებს, წინასაარჩევნო დაპირებებს, რითაც ხელისუფლებაში მოვიდა და  ხალხს გაემიჯნა. „ქართული ოცნების“ მთავარი საზრუნავია „ნაცმოძრაობა“ დაიხმაროს ხელისუფლების შესანარჩუნელად და  ეს გამოსდის კიდეც. კი, ვინც ხალხს ათასი უბედურება გადაატანინა და ვინც უნდა გაესამართლებინათ, ისევ ისინი დაასვეს ხალხს თავზე. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დიდი ხანია დაიწყო ხალხის შეურაცხყოფა და დღემდე აგრძელებს ამას. ერთი რამ მინდა დავაფიქსირო ამ ინტერვიუში-რუსული ნარატივი, რუსული გავლენა ჩანს ქართულ პოლიტიკაში. მე ამის კატეგორიული წინააღდეგი ვარ. ეს ისევ ხელისუფლების პოლიტიკამ გამოიწვია. დასავლეთისადმი   საზოგადოების სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ, რაც ხელისუფლების ბრალია, ძალიან დააზარალა ქართული დემოკრატია. მე ვთვლი, რომ ეს ერთდროულად არის „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ბრალი. ორივენი ერთად უნდა წავიდნენ პენსიაზე, რომ ამ ქვეყანას მომავალი ჰქონდეს, სხვაგვარად ვიქნებით ასე და დავტკეპნით ერთ ადგილს, წინ ვერ წავიწევთ ერთი ნაბიჯითაც კი. ცხადია, ბიძინა ივანიშვილიც უნდა წავიდეს, რომელიც ამ ორივე პოლიტიკური ძალის  მფარველია. აი, ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი ქვეყანაში  დემოკრატიის განვითარებაზე, დასავლეთისკენ და ნატო–სკენ რეალურ სწრაფვაზე და იმ საგარეო პოლიტიკურ კურსზე, რომელიც რეალურად მოუტანს ამ ქვეყანას სიკეთეს.

არც ერთი არ არის პენსიაზე საკუთარი ნებით გამსველი და ხალხმა უნდა გაუშვას ორივენი.

– კი, აწყობილ ცხოვრებას ნებით არც ერთი არ მიატოვებს, ძალით უნდა გაუშვას ხალხმა. ამათი პოლიტიკა ხალხს იქამდე მიიყვანს, რომ გამოვლენ ქუჩაში. ახლა ორივეს იმის იმედი აქვს, რომ ხალხს არ ჰყავს ლიდერი, რომელიც წინ გაუძღვება, რომ პოლიტიკურ სპექტრში არ ჩანს მათი ალტერნატივა. ასე არ არის. სააკაშვილი 30 წელი აპირებდა ხელისუფლებაში დარჩენას, მაგრამ რაც დაემართა, კი ხედავთ. ესენიც 20 და 30 წელი ეშურებიან დარჩენას. თუმცა, რეალობა და მათი დარჩენის შანსები სხვა არის. ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, გაუსაძლისია სოციალური მდგომარეობა, ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია და ეს ხალხი ხედავს, რომ არც ერთი ამ პარტიის ლიდერი არაფერს იკლებს, ფუფუნებაში ცხოვრობს, ყოველდღე ესმით და ხედავენ ამის დამადასტურებელ ახალ–ახალ ფაქტებს და ერთ დღესაც, ამ ხალხს ყელში ამოუვა. ეს გამწარებული ხალხი გამოვა ქუჩაში და ამ ორივე ნაგავს – „ქართულ ოცნებას“ და ‘ნაცმოძრაობას“ ერთად გახვეტავს, გადაყრის ისეთ ადგილას, რომ პოლიტიკაში ვერასდროს მობრუნდებიან არა თუ ეს პოლიტიკური ძალები, მათი ცალკეული ლიდერებიც კი. არა ერთი გადატრიალება მინახავს ამ ქვეყანაში, მუდამ ამ მოვლენათა ეპიცენტრში ვიყავი და არაერთხელ ვნახე ხელისუფლება, რომელიც გადატრიალებით წავიდა. არ მინდა, ამჯერადაც ასე მოხდეს. ამ ხელისუფლებას თუ რამე გაეგება, თუ ოდნავ მაინც აზრზე არიან მისი წარმომადგენლები,  თუ ოდნავ ადეკვატურად აზროვნებენ, უნდა ისმინონ ხალხის და გაითვალისწინონ მათი მოთხოვნები, თავი უნდა დაანებონ გიგა ბოკერიასთან და ქვეყნის სხვა ამომგდებებთან ჭუკჭუკს.

საქართველო არ არის ქვეყანა, ეს არის ქვე–ყანა. ჰოდა, ვიდრე მთლად ყანად არ უქცევიათ ეს ქვე–ყანა, უნდა მოშორდნენ ხელისუფლებას.

გამოვა ხალხი გარეთ? არის საამისო რესურსი ხალხში? რაღაც არ ეტყობა ხალხს, რომ დღეს–ხვალ ყალყზე შედგომას აპირებდეს.

– საამისო რესურსი ყოველთვის არის ხალხში, ამის ეშინოდა ედუარდ შევარდნაძესაც და მიხეილ სააკაშვილსაც. აღმოჩნდა, რომ ტყულად არ ეშინოდათ. შევარდნაძე ამ ხალხმა გაუშვა სახლში მშვიდობიანი რევოლუციის გზით. სააკაშვილი კი გადაურჩა რევოლუციას, მაგრამ მის მიერვე ჩატარებული არჩევნები წააგო, რადგან ხალხი, ფაქტიურად, ქუჩაში იყო გამოსული. ხალხის მრისხანება იმ დროს პიკზე იყო. თუ ეს ხელისუფლება ასე გააგრძელებს, ესენიც გამოსცდიან ხალხის ამ მრისხანებას. რატომ არ გამოდის ჯერ ხალხი გარეთ? გამოვლენ! რამდენიმე წვეთიღა აკლია მათ მოთმინების ფიალას და ფიალა რომ აისვება, ვეღარავინ დააკავებს, გამოვლენ! ეს ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ფიალა რაც შეიძლება მალე აივსოს. ყველა ხელისუფლება რევოლუციას თავად ამზადებს, თავად ქმნის რევოლუციურ სიტუაციას და ხალხს რევოლუციის მოწყობის გარდა, სხვა გზას არ უტოვებენ. ასე ხდებოდა და ასე მოხდება ამჯერადაც.

ბატონო კახა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა დიდი ნაწილი „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე ამ ხალხს აუგს ვერ დააცდენინებ, თითქოს ეს „ქართული ოცნება“ ჩემი პარტიაა და მე ვაძლევ მის ლიდერებს მითითებებს. მოკლედ, ივანიშვილს ეს ხალხი მედიით მესიჯს უგზავნის, შენ კარგი კაცი ხარ, გუნდის წევრები არ გივარგა და ჩვენ რომ ვიყოთ მაგ გუნდში, ხელისუფლებაში, ავაყვვებდით ქვეყანასო. რა ჰქვია ახლა ასეთ ხალხს?

– რა ჰქვია და „ჩაგვანაცვლე“ ჰქვია ამ ხალხს. ვიცი, ვისზეც საუბრობთ და ბევრი მეც მყავს შემჩნეული ამგვარ მესიჯებში. ესენი არიან ჩვეულებრივი მედროვეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა თუ მიიღო გუნდში, მოიყვანა ხელისუფლებაში, არაფერს გააკეთებენ ხალხის სასიკეთოდ, ისეთივე მორჩილები იქნებიან ივანიშვილისა, როგორც დღეს ისინი არიან, ვისაც აკრიტიკებენ. ივანიშვილის მითითებით გააკეთებენ იმავეს, რასაც მათი დაწუნებული „ქართული ოცნების“ ლიდერები აკეთებენ. მათი საქციელი, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია, რაც ცუდი ხდება ქვეყანაში და ყველაფერში ხელისუფლების სხვა ლიდერები არიან დამნაშავენი, იცით რას მაგონებს? სტალინის თავგადაკლული მომხრეები რომ ამტიკიცებენ, ხალხს ბერია ხვრეტდა და სტალინმა არაფერი იცოდაო. აი, ზუსტად ეგეთი ამბავია. ქვეყანაში რაც ხდება, პასუხისმგებლობა ეკისრება #1 მოქალაქეს – ივანიშვილს და არა კვირიკაშვილს, კალაძეს ან „ბღუჯა მინისტრებს“. არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერში არ ერევა. გინდა არაფორმალური მმართველი დაარქვი, გინდა დე ფაქტო მმართველი, ეს კაცია ქვეყნის რეალური მმართველი და ერევა თუ არა ეს კაცი ქვეყნის მართვის საქმეებში, ამაზე კამათი საერთოდ არასერიოზულადაც კი მიმაჩნია.

 

 

წყარო: გაზეთი “ალია”

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ
შემდეგი სტატიავინ აჩუქა ვანო ზარდიაშვილს 100 ათასი დოლარი და რა თანხად შეიძინა 4 ბინა ერთ წელიწადში