კახა მიქაია: „სანდრა სამეგრელოდან გააგდეს!“

გიხაროდენ!!!

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში8 ოქტომბრამდე ითვლებოდა, რომ სამეგრელო „ნაცმოძრაობის“ პლაცდარმი იყო და ეჭვიც თითქმის არავის ეპარებოდა, რომ იგივე ზუგდიდის მაჟორიტარი მიხეილ სააკაშვილის თანამეცხედრე, ანუ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი გახდებოდა, მაგრამ სანდრა რულოვსმა პირველ ტურში წარმატებას ვერ მიაღწია, მეორე ტურში მონაწილეობაზე კი უარი განაცხადა. რეალურად, რა მოხდა – სანდრამ არჩევნები ბუნებრივად წააგო თუ წააგებინეს? „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ მიანიშნებს, რომ ყოფილ პირველ ლედის არჩევნების მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა ის სამეგრელოდან გააგდეს. ამასთან, მიქაია განმარტავს, რომ რაღაცებზე თვალს ხუჭავს, რადგან სანდრას გამარჯვება სამეგრელოსთვის სულში კიდევ ერთხელ ჩაფურთხება იქნებოდა. 

 

ბატონო კახა, თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ ზუგდიდის მაჟორიტარი სანდრა რულოვსი გახდებოდა, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. რეალურად, რა მოხდა?

– პირდაპირ გეტყვით: სანდრა რულოვსი სამეგრელოდან გააგდეს!

რას ჰქვია, გააგდეს?

– ყველაფერ იმაზე, რაც 8 ოქტომბერს სამეგრელოში მოხდა, თვალს ვხუჭავ, რადგან სანდრას გამარჯვება, სამეგრელოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ტრაგედია და სამეგრელოს სირცხვილი იქნებოდა!

მაშასადამე, ზუგდიდის არჩევნები რეალურად ყოფილმა პირველმა ლედიმ მოიგო?

– არა, ამას არ ვამბობ, მაგრამ სამეგრელოში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ტრაგიკომედიას ჰგავს!

რატომ?

– გეტყვით… ეს ტრაგიკომედია ადვილად დასამთავრებელი, დასავიწყებელი და რეგიონის პოლიტიკური მეხსიერებიდან ადვილად წასაშლელია! ის, ვინც იტყვის, სანდრა რულოვსის დამარცხებით  სამეგრელოში ყველაფერი კარგადააო, ვერ აცნობიერებს, რეგიონში რა მდგომარეობაა. სამეგრელოში ჯერჯერობით ისევ გრძელდება კლანური აზროვნება და მმართველობა, ხელისუფლების სათავეში არაკომპეტენტური ადამიანები არიან და ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა სახელისუფლებო რეფორმას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს.

სამეგრელოში ვისი კლანია?

– ლევან შონიასი, თუმცა ვიმედოვნებ, სამეგრელოში ეს კლანური მმართველობა დასრულდება!

ვიდრე კლანური მმართველობის დეტალებზე გადავალთ, ამიხსენით, სანდრა რულოვსი სამეგრელოდან ვინ გააგდო – „ოცნებამ“ თუ ხალხმა?

– ორივემ ერთად.

ეს როგორ?

– ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ არჩევნები სანდრა რულოვსს არ მოეგო!

სანდრას მხარდამჭერები ჰყავდა?

– დიახ, ჰყავდა…

თუ მხარდამჭერები ჰყავდა, აბა, არჩევნები როგორღა წააგო?

– ხელისუფლებას მოვუწოდებდი, ყველაფერი გაეკეთებინა, რომ სანდრა რულოვსს არჩევნები არ მოეგო!

ესე იგო, 8 ოქტომბერს ზუგდიდში ის შედეგი დადგა, რაც ხალხის ნებას არ ასახავს?

– ვანო, პოლიტიკაში ზოგჯერ ისეთი რაღაცები ხდება, რაც დემოკრატიულ პროცესებს სცდება. ვინც იტყვის, სამეგრელოში არჩევნები დემოკრატიულად და ევროპულ დონეზე ჩატარდაო, ნორმალური არ იქნება, მაგრამ ყველაფერი ობიექტური აუცილებლობით იყო განპირობებული!

ესე იგი, ბატონო კახა, აღიარებთ, რომ 8 ოქტომბერს, სამეგრელოში „ოცნებამ“ ხალხზე, უფრო სწორად, ხალხის არჩევანზე იძალადა?

– კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამეგრელოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიისგან  შორს იყო, მაგრამ ხელისუფლებამ, თავის მომხრეებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რომ არჩევნები სანდრა რულოვსს არ მოეგო!

კონკრეტულად მიპასუხეთ: ზუგდიდში სანდრას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდა თუ „ოცნებას“?

– სანდრას ძალიან დიდი შანსი ჰქონდა, რომ არჩევნები მოეგო.

ისე, სანდრა „ნაცმოძრაობის“ წევრი არასოდეს ყოფილა და თუკი „ნაციონალები“ იგივე სამეგრელოში რამეს აშავებდენ, ყოფილი პირველი ლედი რა შუაშია?

– სანდრა „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება და მას, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს, ცალკე არ განიხილავდნენ. დიახ, სანდრა ასოცირდება ძალადობასთან, გაუპატიურებასა და ყველა იმ უკეთურებასთან, რასაც „ნაციონალები“ ჩადიოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ხალხი და დღევანდელი ხელისუფლება ასე აღიქვამს.

კახა ბატონო, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ: 8 ოქტომბერს, „ნაცმოძრაობას“ ხმა 500 ათასმა ადამიანმა მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ნაწილს უნდა, „ნაციონალები“ პოლიტიკურ ავანსცენაზე იყვნენ…

– რა თქმა უნდა, გეთანხმებით.

ჰოდა, თუკი მეთანხმებით, მაშინ რაღაზე ვლაპარაკობთ?

– ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად „ნაცმოძრაობა“ დარჩენილიყო.

– „ნაციონალებს“ 27 საპარლამენტო მანდატი ხალხმა მისცა და  ხელისუფლება რა შუაშია?

– ხელისუფლება შუაში იმიტომაა, რომ შეეძლო, ისე გაეკეთებინა…

– „ისე გაკეთებაში“ არჩევნების გაყალბებას გულისხმობთ?

– არა…

აბა?

– ხელისუფლებას ისეთი პოლიტიკა უნდა წარემართა, რომ „ნაციონალებისთვის“ ხმა ნახევარ მილიონ ადამიანს არ მიეცა.

სხვათა შორის, „ნაციონალები“ ამბობენ, 500 ათასზე მეტი ხმა ავიღეთ, მაგრამ „ოცნებამ“ არჩევნების შედეგები გააყალბაო…

– ხელისუფლებამ „ნაცმოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად იმიტომ დატოვა, რომ არჩევნები თვითონ მოეგო!

ვერაფერი გავიგე…

– ხელისუფლებას უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე – „ნაცმოძრაობას“, მაგრამ იცით, ამ არჩევნებით ვინ დაზარალდა? – საწყალი ახალგაზრდა ქართული დემოკრატია, რომელიც 25 წლის განმავლობაში, იძულებით შვებულებაში ბევრჯერ გაუშვეს, თუმცა დროდადრო უკან ბრუნდებოდა. ახლა კი, იმის საშიშროება არსებობს, რომ ეს ახალგაზრდა დემოკრატია შვებულებიდან პირდაპირ პენსიაზე გავიდეს და წლების შემდეგ უკვე დაბერებული ქართული დემოკრატია იმჟამინდელმა დედაქალაქის მერმა „საპატიო თბილისელის“ ორდენით დააჯილდოვოს!

რაღა დაგიმალოთ, ბატონო კახა, და ძალიან ჩახლართულად ლაპარაკობთ. ამიტომ, მოდით, კონკრეტიკაზე გადავიდეთ: წეღან აღნიშნეთ, სამეგრელოს შონიას კლანი მართავსო. ესე იგი, ქართულ პოლიტიკაში, „ნაცმოძრაობისა“ და „ოცნების“ სახით ორი ძირითადი კლანი არსებობს, თუმცა „ოცნება“, თავის მხრივ, შიდა კლანებად იყოფა?

– დიახ, ფაქტია, რომ სამეგრელოს შონიას კლანი მართავს!

გუბერნატორ შონიას „კრიშა“ ვინაა?

– ამას არ დავაკონკრეტებ, თუმცა შონიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კლანური მმართველობა გაძლიერებულიყო.

შონია სამეგრელოს გუბერნატორად ვინ დანიშნა?

– ღარიბაშვილმა. მართალია, ახლა ღარიბაშვილი ხელისუფლებაში აღარაა, მაგრამ შონიამ გუბერნატორობა შეინარჩუნა.

ზუგდიდის არჩევნები სანდრას რომ მოეგო, შონია გუბერნატორის პოსტს მაინც შეინარჩუნებდა?

– ვერა.

ანუ, სანდრას წაგება შონიას ნარატივი იყო?

– არა მხოლოდ… მართალია, თემას არ ვშლი, მაგრამ  ვანო, წეღანაც გითხარით და ახლაც გიმეორებთ: მინდოდა, სანდრა რულოვსი დამარცხებულიყო, თუმცა მისი დამარცხება ხელისუფლებისთვის ძალიან რთული ამოცანა იქნებოდა, თუ არა იმ მეთოდების გამოყენება, რომელი მეთოდებიც გამოიყენა.

– „ოცნებამ“ სანდრას წინააღმდეგ მაინც, რა მეთოდები გამოიყენა?

– ამ მეთოდებზე თვალს ვხუჭავ, რადგან პირდაპირ ვაცხადებ: თავიდანვე სანდრა რულოვსის დამარცხების მომხრე ვიყავი!

ეს „თვალის დახუჭვა“ შეიძლება, ძვირი დაგიჯდეთ და „ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ დაემსგავსოს…

– რა თქმა უნდა, მაგრამ ეს თვალის დახუჭვა იმას არ ნიშნავს, სამეგრელოში ამის მერე განვითარებულ მოვლენებს ობიექტურად არ შევაფასებ. შონიას კლანი სამეგრელოს აუცილებლად უნდა მოშორდეს!

ზუგდიდის მაჟორიტარი სანდრა რომ გამხდარიყო, შონიას კლანს შინ ვერ გაუშვებდა?

– ვერა, რადგან სანდრას გამარჯვებით საერთო სურათი ვერ შეიცვლებოდა, ანუ იმ აზრისგან, რომ ამ არჩევნებში გამარჯვება „ნაცმოძრაობას“ შეეძლო, შორს ვარ… სანდრა რულოვსი თავის ქმართან, როლანდ ახალაიასთან, მეგის ქარდავასთან, ადამიანის უფლების დარღვევასთან ასოცირდება და ის, რაც სამეგრელომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს გადაიტანა, წარმოუდგენლად შემაძრწუნებელია. ამიტომ ხელისუფლების მოქმედებას ვამართლებ.

სხვათა შორის, საარჩევნო კამპანიის დასაწყისში, სანდრამ განაცხადა, თვალებში ჩავხედე და მიშამ პირობა მომცა, რომ ის, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, აღარ განმეორდებაო…

– ეს ღიმილის მომგვრელია!

ბატონო კახა, „ნაციონალებმა“ ზუგდიდის მაჟორიტარად, თქვენი აზრით, მაინცდამაინც სანდრა რატომ დაასახელეს?

– ეს სტრატეგია იყო, სააკაშვილს სამეგრელო უნდოდა, როგორც „ნაციონალური ანკლავი“, ანუ სამეგრელოში მას ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს და ცდილობდა, ეს მომხრეები შეენარჩუნებინა.

არ გეწყინოთ და ეს მეგრელები მაზოხისტები ხართ? – მიშა გაუპატიურებდათ, გცემდათ, გაწამებდათ, მაგრამ ყველაფერი ეს მოგწონდათ და დღესაც მხარს უჭერთ?

– ამას მე მეკითხებით?.. მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ყველაფერ ამას აკეთებდა, ჩემს მეგობრებთან ერთად, უკიდურეს უმცირესობაში ვიყავი.

შეიძლება, მაგრამ მართალია, „ნაციონალები“ ხელისუფლებიდან ოთხი წლის წინ გადაშენდნენ, მაგრამ დღემდე არავის უთქვამს, კონკრეტულად მე გამაუპატიურეს, ან მცემესო, ანუ ყველა მესამე პირში ლაპარაკობს. წამების რეალური ფაქტები არსებობს?

– დიახ, არსებობს, მაგრამ პრობლემა სწორედ ისაა, რომ „ოცნებამ“ ეს ფაქტები არ გამოიძია.

როცა „ოცნების“ მხარდამჭერი იყავით, არ კითხულობდით, ყველაფერ ამას რატომ არ ვიძიებთო?

– ჯერ ერთი, „ოცნებას“ მხარს ახლაც ვუჭერ. მეორეც, თავიდანვე კოჰაბიტაციის წინააღმდეგი ვიყავი…

ეს ვიცი, მაგრამ არ კითხულობდით, იგივე წამების ფაქტებს რატომ არ ვიძიებთო?

– ვკითხულობდი და მპასუხობდნენ, ამას საფუძვლიანი გამოძიება უნდა, რისი დროც ჯერ არ არისო. პარადოქსია: ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ გამოძიებული არაფერია!

რატომ?

– ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივია: „ქართულმა ოცნებამ“, „ნაცმოძრაობის“ მთავარ ოპოზიციურ ძალად შენარჩუნებით, ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივა! დიახ, „ოცნებამ“ თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, ოპოზიციად „ნაცმოძრაობა“ სჭირდება და თეა წულუკიანმა ღიადაც განაცხადა, „ოცნებას“ პარლამენტში კომფორტული უმრავლესობა უნდაო.

მოკლედ, ჩახლართულად კი არა, ძალიან გასაგებად ვამბობ: ყველაფერ ამით ქართული დემოკრატია დაზარალდა!

ანუ, სანდრა რულოვსის, როგორც თქვენ ამბობთ, სამეგრელოდან გაგდებით, ქართული დემოკრატია დაზარალდა, მაშასადამე, ქართული დემოკრატიის სიმბოლო „ნაცმოძრაობაა“, არა?

– ეს სასაცილოა! ხელისუფლება სწორედ იმაშია დამნაშავე, რომ ისეთი პოლიტიკური გარემო შექმნა, სადაც საზოგადოება იძულებულია, მიხეილ სააკაშვილი და, საერთოდ, „ნაცმოძრაობა“ ქართული დემოკრატიის გარანტად აღიაროს, თუმცა ვიმედოვნებ, ასე არ მოხდება! „ნაცმოძრაობის“ ქართული დემოკრატიის გარანტად დასახელება სირცხვილი კი არა, ტრაგედიაა!

ისიც ტრაგედიაა, რომ მთელი პოლიტიკური ველი მოსუფთავდა და პარლამენტში დავით უსუფაშვილი და, საერთოდ, „რესპუბლიკელები“ აღარ არიან. მხოლოდ „რესპუბლიკელების“ კი არა, შეიძლება, ალასანიას მიმართაც ჩემი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები პარლამენტს გარეთ იყვნენ, რადგან ამით ქართული პოლიტიკა ზარალდება!

ისე, ხმა დადის, „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის გარიგება შედგაო…

– იმ აზრისგან, რომ ივანიშვილმა ვთქვათ, ბოკერია დაიბარა და მათ შორის გარიგება შედგა, შორს ვარ.

მაშ, რა მოხდა?

– მოხდა ის, რომ ივანიშვილმა სააკაშვილის სიბრიყვე და რიტორიკა, არიქა, მოვდივარ, არიქა, სამი დღე დარჩა, არიქა, ზღვას გადმოვცურავო, გამოიყენა და პროცესი სათავისოდ წარმართა.

იმასაც ამბობენ, მიშამ ამ განცხადებებით წყალი „ოცნების“ წისქვილზე შეგნებულად დაასხაო…

– არა… სააკაშვილსა და „ოცნებას“ შორის შეთანხმებას გამოვრიცხავ. ეს შეთქმულების თეორიაა, რომლის წინააღმდეგიც ყოველთვის ვარ. უბრალოდ, ივანიშვილმა სააკაშვილის პოლიტიკური სიბეცე გამოიყენა. სხვათა შორის, „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ ავანსცენაზე იმდენ ხანს იარსებებს, რამდენი ხანიც ივანიშვილისთვის იქნება საჭირო!

8 ოქტომბრის არჩევნები „ოცნებამ“ კი არა, ბიძინა ივანიშვილმა მოიგო!

ამაში გასაკვირი არაფერია, რამეთუ ყოფილი პრემიერი ხალხში ისევ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს!

– 8 ოქტომბრის არჩევნების ბედი ერთმა კაცმა გადაწყვიტა! აქედან გამომდინარე, არჩევნების ჩატარების სტრატეგია და ტაქტიკაც სწორედ მასზე იყო დამოკიდებული.

რაც შეეხება „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობას, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოში დიქტატურა დამყარდება.

დიქტატურის რატომ არ გეშინიათ?

– ერთი მარტივი მიზეზის გამო: ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილი არაა…

ხელი ყოფილ პრემიერს არა, მაგრამ შეიძლება, „ოცნებიდან“ ვინმეს გაექცეს…

– „ოცნება“ ის პოლიტიკური ძალა არაა, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ წავა! ყოველ შემთხვევაში, „ოცნებაში“ რამე ისეთი ჯგუფის წარმოქმნას გამოვრიცხავ, რომელიც ივანიშვილს დაუპირისპირდება და ციხეს შიგნიდან გატეხავს. ხომ ხედავთ, ივანიშვილმა პარლამენტი არაპოლიტიკოსებით დააკომპლექტა და ასე იმიტომ მოიქცა, რომ პრობლემები არ შეექმნას.

რას გულისხმობთ?

– მას ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა აქვს.

ეს ხედვა, ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ, კარგია თუ ცუდი?

– მოდით, ბიძინა ივანიშვილის პირველი წერილი გავიხსენოთ, სადაც ამბობდა, რომ ტელევიზიებს ხუთმაგ ფასად შეიძენდა, მერე, პატრონებს ლარად დაუბრუნებდა. ამავე წერილში ამბობდა, რომ ჯერ ერთ ჯგუფს დაეხმარებოდა, რომელსაც ხელისუფლებაში მოიყვანდა, მერე კი, ოპოზიციაში გადავიდოდა და ოპოზიციას გააძლიერებდა.

უკაცრავად, ეს რა შუაშია?

– იმ შუაშია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა, ჩემი რესურსებით საქართველოში ხელს ავტორიტარიზმსა და დიქტატურას კი არა, დემოკრატიის განვითარებას შევუწყობო. ამ წერილიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ივანიშვილი საქართველოში ერთპარტიული დიქტატურის დამყარების მომხრე არაა.

სხვათა შორის, 2003 წელს მიშაც ამბობდა, დროა, ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ხალხის მოჯამაგირე იქნებაო…

– სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშანს ვერავინ დასვამს!

ერთი სიტყვით, იმით, რაც ახლა ხდება, კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შეუძლებელი იყო! ახლა კი, ყველაფრის მიუხედავად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შესაძლებელია!

ცუდად არ გამიგოთ, ბატონო კახა, და ზაფხულში, როცა ერთმანეთი გავიცანით, აბსოლუტურად სხვანაირად ლაპარაკობდით. ახლა კი, ძალიან „ოცნებურს“ „აწვებით“. მმართველმა გუნდმა „დაგავერბოვკათ“? ყოველ შემთხვევაში, მიმტკიცებთ, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და არჩევნების ხარვეზებზეც თვალი უნდა დავხუჭოთო…

– როდის გითხარით, არჩევნები მთელ საქართველოში დემოკრატიულად ჩატარდა-მეთქი? თვალი კონკრეტულად სანდრაზე უნდა დავხუჭოთ.

რატომ, რატომ და რატომ?

– სამეგრელოში არჩევნები სანდრას არ უნდა მოეგო!

ეს ხომ დიქტატურაა?

– ეს დიქტატურა კი არა, ობიექტური აუცილებლობაა!

ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას „ობიექტური აუცილებლობა“ როდიდან ჰქვია?

– ვანო, მომისმინეთ: იმ გაჭირვებამ და შეურაცხყოფამ, რაც სამეგრელოში გადავიტანეთ, ჩვენზე მხოლოდ ეკონომიკური კი არა, ფსიქოლოგიურ-მორალური თვალსაზრისითაც ძალიან დიდი კვალი დატოვა.

ასეთი რა გადაიტანეთ?

– ერთ-ერთი ზვიად გამსახურდიას დამხობაა.

ჯერ ერთი, გამსახურდიას დამხობას „ნაციონალებს“ ვერ დააბრალებთ. მეორეც, იმ ადამიანების ნაწილი, ვინც პირველ პრეზიდენტს დევნიდა, როგორც ამბობენ, დღეს „ოცნებელია“…

– კი ბატონო, ეს ხალხი „ოცნებელიცაა“ და „მიშისტიც“.

მიშამ სამეგრელოს რა დაუშავა?

– სააკაშვილმა სამეგრელოში სრული დიქტატურა დაამყარა!

დიქტატურის კონკრეტული ფაქტები დაასახელეთ!

– როლანდ ახალაია ყველა უკეთურებაში მონაწილეობდა – ბიზნესის წართმევიდან დაწყებული, ადამიანების გატაცებით, თავისუფლების შეზღუდვითა და გაუპატიურებით დამთავრებული. სააკაშვილის მიერ გაცემულ ამ ბრძანებებს სამეგრელოში როლანდ ახალაია ასრულებდა!

სააკაშვილი ანალოგიურ ბრძანებებს მაინცდამაინც სამეგრელოში რატომ გასცემდა?

– მარტივი მიზეზის გამო: არსებობდა ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას საშიშროება მეგრელებისგან დამუქრებოდა! ამიტომ, სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ სამეგრელოში წინააღმდეგობის ის მუხტი დაკარგულიყო, რაც ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ არსებობდა!

ბატონო კახა, შეიძლება, ცუდი რაღაც უნდა ვიკითხო, მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში, როცა ნათელი გახდა, რომ „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას არ აპირებდა, იგივე როლანდ ახალაიაზე შური ერთმა მეგრელმა მაინც რატომ არ იძია?

– შურისძიება სანდრას ზუგდიდიდან გაგდება იყო და ამ სიტყვების თქმის არ მეშინია!

მოკლედ, გიხარიათ, რომ ყოფილი პირველი ლედი ზუგდიდიდან გააგდეს?

– კი არ მიხარია, უბრალოდ, არ მინდოდა, რომ სანდრა ბოროტების სიმბოლოდ დარჩენილიყო, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მას სამეგრელოში ძალიან ბევრი მომხრე ჰყავდა.

კახა ბატონო, 8 ოქტომბერს, ჯიხაშკარის ინციდენტი „ოცნების“ ინსპირირებული იყო თუ „ნაცმოძრაობის“?

– ვანო, ძალიან ბევრი რამ ვიცი, მაგრამ როგორც გითხარით, რაღაცებზე ჯერჯერობით თვალს ვხუჭავ იმიტომ კი არა, რომ „ოცნებისტი“ ვარ, არამედ…

მაპატიეთ, სიტყვას გაწყვეტინებთ, მაგრამ ეს ინტერვიუ „ნაცმოძრაობამ“ შესაძლოა, აღიარებით ჩვენებად ჩათვალოს და სასამართლოს მიმართოს, სადაც დაამტკიცებს, რომ ზუგდიდში სანდრას არჩევნები გაუყალბეს…

– კი ბატონო, მზად ვარ, „ნაცმოძრაობამ“ მიჩივლოს – მასთან ჩემი ანგარიში მაქვს.

რა ანგარიში?

– ის პერიოდი, როცა სიმართლის ხმამაღლა თქმა სამ-ოთხ ადამიანს შეგვეძლო და ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა, ფიზიკურად შემეხო. სწორედ ამიტომ ვარ სააკაშვილის წინააღმდეგი და სწორედ ამიტომ ვეთანხმები, რომ სამეგრელოში „ნაცმოძრაობას“ არ უნდა გაემარჯვა. არ მინდოდა, ჩემი კუთხე „ნაციონალების“ ანკლავად დარჩენილიყო. სხვათა შორის, „ოცნებასაც“ შეუძლია მიჩივლოს.

ისე, დღეს, ანუ პოსტარჩევნების შემდეგ, სამეგრელოში როგორი განწყობაა, ხალხი რას ამბობს?

– ჩვენთვის ძალიან მძიმე ეპოქა დასრულდაო. ის, რაც გადავიტანეთ, მეგრელებს აღარ დაგვემუქრება – ხალხში ასეთი განწყობაა. მეგრელების კრიტიკა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ამ კუთხეს ყველა სათუთად უნდა მოეპყრას, რადგან ჩვენ ძალიან მძიმე წლები გადავიტანეთ! ჩემთვის, როგორც მეგრელისთვის, დაბეჩავებული, შეშინებული და პირში წყალჩაგუბებული სამეგრელოს ხილვა წარმოუდგენელია! ის სამეგრელო მახსენდება, რომელიც წინააღმდეგობის გაწევის უნარით გამოირჩეოდა.

ესე იგი, მეგრელებს სანდრას დამარცხება უხარიათ?

– დიახ, ასეთი განცდა არსებობს და, სხვათა შორის, „ნაცმოძრაობის“ მომხრეებშიც.

– „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს სანდრას დამარცხება რატომ უხარიათ?

– ადამიანს წნეხისგან თავისუფლება უხარია. იმ აზრისგან, რომ მეგრელებს სააკაშვილი უყვართ, შორს ვარ, მაგრამ საიმისოდ, რომ სამეგრელოში „ნაცმოძრაობა“ ძლიერი ყოფილიყო, ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობდა. სანდრა რულოვსის გაგდებით კი, გარდატეხა მოხდა. შეიძლება, ამ მეთოდს არ ვეთანხმები, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ზოგჯერ ასეთი მეთოდებიც საჭიროა…

ისე, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სამეგრელოში „ნაცმოძრაობა“ ძლიერი იყო, „ნაციონალების“ „ოცნებაში“ პორტირებაა.

დღესაც ასეა?

– ახლა დროა, ყველაფერი ეს დასრულდეს. საკონსტიტუციო უმრავლესობაში მყოფ „ოცნებას“ ყველაფრის, პირველ რიგში კი, იმის გაკეთება შეუძლია, რომ პორტირებული „ნაციონალებისგან“ გათავისუფლდეს! საამისოდ კი, სახელისუფლებო რეფორმის გატარებაა საჭირო! დიახ, სამეგრელოში შონიას კლანის მმართველობა უნდა დასრულდეს!

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

banner
წინა სტატიაშიახალშობილის ცემისთვის დაკავებულ ძიძას გირაო შეეფარდა
შემდეგი სტატიასაჰაერო ძალების სარდლად სერგო ნინუა დაინიშნა – ცვლილებები თავდაცვაში