კახა მიქაია: “ქვეყანაში დაიწყოს საკაშვილთან დაპირისპირებული ადამიანების მასიური დაპატიმრება!”

მერაბიშვილმა საქართველოს ცხრით რვა მოუგო!!!(ხმამაღლა ჟღერს, ხომ?!)
არადა, სტრასბურგში გამართული ფინალი მართლაც ,,უხვგოლიანი” აღმოჩნდა, მაინც კარგია, რომ მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით.
შევეჩვიეთ დამარცხებას და მერე ამ დამარცხების თითქმის გამარჯვებულის იერით ,,გაპრავებას,” ასე ხდება ფეხბურთშიც, კალათბურთშიც, წყალბურთშიც და ამ ბოლო დროს რაგბშიც, ასე მოხდა სტრასბურგშიც…
საქართველოს იუსტიციის ნაკრების მწვრთნელმა, მიუხედავად ექსპერტებისა და სკეპტიკოსების მხრიდან გამოთქმული არაერთი შენიშვნისა, მერაბიშვილთან წაგებული მატჩი მაინც თავისებურად(როგორც მოსალოდნელი იყო), გაამართლა და საზოგადოებაც და საკუთარი თავიც დაამშვიდა: ,,მართალია, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა, მაგრამ მერაბიშვილი ევრპულ სასამართლოს პოლიტპატიმრად არ უღიარებიაო”…
ძვირფასო მეგობრებო, მომავალში ასეთი ,,გაუგებრობების” თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ქვეყანაში დაპატიმრებების პოლიტიკის შეცვლა, რადგან დარწმუნებული ვარ, უკრაინიდან საქართველოში სააკაშვილის მოსალოდნელი ექსტრადირების შემთხვევაში, ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სააკაშვილი აუცილებლად გაასაჩივრებს ევროსასამართლოში და აუცილებლად მოუგებს პროცესს საქართველოს.
ამიტომ გთავაზობთ, შეწყდეს ნაციონალების გასამართლება ყბადაღებული ,,სამართლიანობის აღდგენის” მიზნით და ქვეყანაში დაიწყოს საკაშვილთან დაპირისპირებული ადამიანების მასიური დაპატიმრება! ნაცებით გაძეძგილილი ოცნებისგან ეს არავის გაუკვირდება: არც ევროპას, არც ამერიკას და რაც მთავარია, არც ,,ტოლერანტობის ქომაგ” ბოკერიას!!!
სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ თუ ვინმემ დააპირა საკნიდან ჩემი გაყვანა, მერაბიშვილისგან განსხვავებით, ცოცხალი თავით არ დავნებდები და თუ მაინც თავზე ტომარაჩამოცმული ძალით გამიყვანეს, არავითარ შემთხვევაში არ ვიჩივლებ ევროსასამართლოში და არ მოვუგებ ( მე მაგისი ბედი ვინ მომცა) ევროპის თვალწინ სასამართლო პროცესს საქართველოს.
ძვირფასო ხელისუფალნო, ვფიქრობ, ამით ხელს შევუწყობთ ქართული მართლმსაჯულების ,,დაკარგული იმიჯის” აღდგენას ევროპაში.
,,სამართლიანობის აღდგენა” კი ვის დაჰკარგვია…
P.S. ,Кавказская пленница или новые приключения Шурика.
,Да здравствует наш суд – самый гуманный суд в мире!”

 

 

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ლიტველ ჟურნალისტებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიასაგანელიძე: გვაქვს ამბიცია, საქართველო რეგიონის საინვესტიციო ცენტრად ვაქციოთ