კახა მიქაია: ლაშა გოგია 2004 წლიდან ,,ნაციონალური მოძრაობის”წევრია!

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში–ბატონო კახა, რაც თქვენ გამოაქვეყნეთ, ეს დოკუმენტები იყო  ნამდვილი შოკი იმ  ხალხისთვის, ვინც დღემდე არ შეგუებია ამ უმსგავსო კოაბიტაციას და დღემდე „ნაცების“ ნარჩენების წინააღდეგ იბრძვის.  „ქართული ოცნების“ სხვადასხვა დონის ლიდერებს, მე ვიტყვი, რომ სინდისის ნატამალი აღარ შერჩათ. კი, ბატონო, ვიღაც იმ „ნაცების“ მმართველობის დროს  სამინისტროს და გამგეობის ჩინოვნიკი იყო, კომპეტენტური თავის საქმეში,  პატიოსნად მუშაობდა და დანაშაული არ აქვს ჩადენილი. ასეთები დატოვე სამსახურში, მაგრამ სუს–ის თამამშრომელს, „ნაცმოძრაობის“ უსაფრთხოების  ოფისის თანამშრომელს რომ ჯერ ზუგდიდის  რაიონის გამგებლად დანიშნავ, მერე ზუგდიდის მერობის  კანდიდატად წარადგენ, „ნაცმოძრაობის“ მოქმედ წევრებს საკრებულოს წევრებად წარადგენ, ამას ახსნას ვეღარ ვუძებნი. რა ჰქვია ამას? ხალხის სულში ჩაფურთხება, აბუჩად აგდება?…
–ამას უკვე სახელიც აღარ აქვს. ეს უფრო კურიოზია, როდესაც ჩემს მიერ საჯარო მხილების შემდეგ, „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია იძულებულია ოფიციალურად დაადასტუროს „ქართული ოცნების“ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების, ასევე, ტერიტორიულ ორგანოებში გამგებლებისა და მათი მოადგილეების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა. კიდევ უფრო დიდი კურიოზი ის არის, რომ მათი გარკვეული ნაწილი „ნაცმოძრაობაში“ 2013 წელს გაწევრიანდა, ანუ მაშინ, როცა ქვეყნის პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო.  ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა და არც მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ. ერთი პარტიის წევრი მეორის სახელით კენჭს იყრიდეს. ამგვარი რამ არც გამიგია.
–ეს თავხედობაა. ამ ხალხმა განცხადებაც კი არ დაწერა, „ნაცმოძრაობაც“ კი არ დატოვეს და ისე შეძვრნენ „ქართულ ოცნებაში“.
–ეს არის სიცრუე და ხალხის მოტყუება. რა იყო მათი მხილების  მთავარი მოტივი ჩემთვის? სუს–ის თანამშრომელი, „ნაცმოძრაობის“ მოქმედი წევრი ლაშა გოგია როდესაც გიმტკიცებს, „ქართულ ოცნებაში“ 2011 წელს შევედი და მანამდე არც ერთი პარტიის წევრი არ ვიყავიო, აუტანელია. 2011 წელს  პარტია „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი. ეს კაცი, ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ლაშა გოგია  საზოგადოებას უმტკიცებს, რომ უპარტიო იყო, მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, მერე იქ რაღაც არ მოეწონა და ვითომ პროტესტის გამო დატოვა საკრებულო.  სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკამ დაღუპა ეს ქვეყანა და ისევ იმ გზით მიდიან. არ არსებობს ყოფილი კუდ–ელი, როგორც არ არსებობს ყოფილი „კაგებეშნიკი“. ეს კაცი, ლაშა გოგია იმ ღირებულებების მატარებელია, იმ ფასეულობების ერთგული, რასაც კუდ–ში მუშაობისას არ ღალატობდა– ეს არის სიცრუე, ძალადობა და სხვა ათასი უბედურება. ლაშა გოგია  2012 წელს როლანდ ახალაიას შტაბის წევრი იყო და მთელი ოჯახით ჩართული იყო ახალაიას საარჩევნო კამპანიაში. აქედან გამომდინარე, 2011 წელს „ქართული ოცნების“ წევრი როგორ გახდა? თუ ახლა „ნაციონალებს“, მათ პატრონებს „ქართულ ოცნებაში“- კვირიკაშვილს, კალაძეს ჰგონიათ, რომ საზოგადოებას  ამნეზია დაემართა,  ასე არ არის- ხალხს ყველაფერი ძალიან კარგად და დეტალურად ახსოვს. ყველამ ვიცით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, განსაკუთრებული სისასტიკით სამეგრელოში გამოირჩეოდა, ყველა, ვინც ამ სისასტიკეში მონაწილოებდა და  ამგვარ ქმედებებს უჭერდა მხარს-ახსოვთ სამეგრელოში. ახსოვთ თავგადამკვდარი „ნაციონალი“ ლაშა გოგია და შენ დღეს მეუბნები, ეს კაცი უნდა გახდეს ზუგდიდის მერი და ამის შემდეგ, ქვეყნის ნათელ მომავალზე მელაპარაკები, მეუბნები, რომ გოგია და სხვა მისთანები ამ ქვეყანას სიკეთეს დააყრიან? ეს არის ქვეყნისა და ამ ხალხის  შეგნებული  მტრობა, იმ ხალხისა, ვინც ეს ძალადობა და სისასტიკე გადაიტანა. ეს არის საზოგადოების დაცინვა, შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება. ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერი არ უნდა იკადრო. ხალხი შეიძლება შეაშინო, დროებით დაიმორჩილო, მაგრამ  ვერ მოატყუებ.  ასეთ შემთხვევაში,ხალხი მუდამ ადეკვატურად გაგცემს პასუხს და ეს მოხდა 2012 წელსაც. სწორედ მოტყუებული და შეურაცხყოფილი საზოგადოება დაუპირისპირდა და დაასრულა მიხეილ სააკაშვილი.  მე ძალიან არ მინდა, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ ასე სამარცხვონოდ დაასრულოს მმართველობა.  არადა, „ქართული ოცნება“ სიამის ტყუპივით დაემსგავსა „ნაცმოძრაობას“.  ზუგდიდში ამბობენ, არ არსებობს არჩევანი, „ნაციონალებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, აქ არის არჩევანი „ნაციონალებსა“ და პორტირებულ , „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგილ „ნაციონალებს“ შორის.
–„ქართულ ოცნებას“ უსაფრთხოების სამსახური ჰყავს და ჯერ  კუდ–ის ყოფილი  თანამშრომელი როგორ დანიშნეს გამგებლად, მერე მერობის კანდიდატად დაასახელეს. დავიჯერო, ეს გამოეპარათ თუ რაც გაკეთდა, შეგნებულად გაკეთდა, იცოდნენ ლაშა გოგიას და სხვისი წარსული და მაინც წაიყვანეს ეს ხალხი თავიანთ რიგებში?
–მიამიტობაა იმის გაფიქრებაც კი, რომ რაღაც გამოეპარათ, ვინმეს ბიოგრაფია და უახლოესი წარსული არ იცოდნენ, შეცდნენ და ა.შ. პარტიის უაფრთხოების სამსახური რა საჭიროა იმის გასარკვევად, ზუგდიდში ვინ ვინ არის? აქ ყველამ კარგად იცის, ვინ იყვნენ „ნაცმოძრაობაში“ და რას აკეთებდა ეს ხალხი. ეს კარგად იციან „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა ლიდერებმაც და რიგითმა წევრებმაც. კარგი, დავუშვათ და არ იცოდნენ, ვერ იმუშავა პარტიის უსაფრხოების სამსახურმა და სტაფმა. უკვე 5 წელია, არა მარტო  მე, არამედ   „ქართული ოცნების“ ის წევრები, ფრონტის წინა ხაზზე რომ ებრძოდნენ სააკაშვილის რეიჟიმს, ამ ხალხს  ვამხელთ,  მედიით, სოციალური ქსელით ვასაჯაროებთ სისტემატიურად,  ვინ  ვინ იყო წარსულში, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი,  ვინ იდგა ბოლო დღემდე, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე  „ნაციონალების“ გვერდით, ვინ იყვნენ ჩართულნი აქტიურად როლანდ ახალაიას საარჩევნო კამპანიაში. ჩვენ გარდა, ამის შესახებ სისტემატიურად წერთ თქვენ, „ალია“, სხვა მედიასაშუალებები, 5 წელია ჟურნალისტები იგივეს აკეთებთ.  ამხელთ ამ ადამიანებს და მათი „ნაციონალური“ წარსულის, მათი დანაშაულებების უამრავი მტკიცებულებაა გამოქვეყნებული.  ახლა, ამის შემდეგ თუ კიდევ ვერაფერი გაიგეს „ქართულ ოცნებაში“, მაშინ სხვა პრობლემასთან გვქონია საქმე, ეს უკვე პათოლოგიაა. არა, ბატობო, ყველაფერი ძალიან კარგად იციან, ეს კომპრომეტირებული ხალხი სჭირდებათ, რადგან ადვილად მართავენ მათ, რასაც უნდა დაავალებენ და გააკეთებინებენ. ამათ ისეთი სიბინძურეები აქვთ ნაკეთები, „ქართული ოცნების“ ყველა დავალებას მოაწერენ ხელს. ეს ყველაფერი ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით კეთდება.
–მართალი ხართ, ყველა უბედურებასთან ერთად,ამ პორტირებულების კომპრომატები,  კუდ–ის არქივიდან სუს–ის არქივში გადმოინაცვლებდა  და  მათი ამ კომპრომატებით მართვა არ გაუჭირდებათ.
–სუს–იც არ არსებობს, აღდგა კუდ–ი.  დღევანდელი სუს–ი ზუსტად იმ მეთოდებით მუშაობს, როგორითაც კუდ–ი მუშაობდა. რაც შეეხება კუდ–ის არქივიდან სუს–ში დარჩენილ კომპრომატებს. ალბათ, ასეც არის, ბევრის კომპრომატი მემკვიდრეობით გადაეცა სუს–ს. თუმცა, სუს–ი, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური არ უნდა მონაწილეობდეს არჩევნებში, ის არ უნდა ადგენდეს სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებს. როდესაც ძალოვანი სტრუქტურა ერევა პოლიტიკაში, მაჟორიტარების, მერების და გამგებლობის კანდიდატების დაკომპლექტებაში, აქ საქმე ძალიან ცუდ ამბავთან გვაქვს. ეს არის „ქართული ოცნების“ მესვეურთა ბრალი. მათ გააკეთეს არჩევანი კუდ–ის თანამშრომლებზე, პორტირებულ „ნაციონალებზე“, როლანდ ახალაიას შტაბის წევრებზე… ეს მათი არჩევანია.
–სანამდე მიგვიყვანს „ქართული ოცნების“ ეს დანაშაულებრივი არჩევანი?
–მე და ჩემი მეგობრები ვიბრძოდით, რომ „ნაცმოძრაობა“ მოგვეშორებინა და „ქართული ოცნება“ მოსულიყო ხელისუფლებაში. იმ დროს ის იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეეძლო დაემარცხებინა მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა. ეს იყო ფაქტიურად მშვიდობიანი რევოლუცია, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა და ხალხმა ერთად დაამარცხეს „ნაცმოძრაობა“. მერე რა მოხდა? გაქრა ყველა ის იმედი, რაც ამ არჩევნების წინ ჰქონდა ხალხს. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები ხომ ანეგდოტებად იქცა და ამ კოაბიტაციამ  ხალხი უფრო მეტად შეურაცხყო, კუდ–ისა და სოდ–ის თანამშრომლები დაასვეს ხალხს თავზე. ყველა ხელისუფლება, რომელიც შეურაცხყოფას მიაყენებს საზოგადოებას, კრახით ასრულებს თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას. ასე მოუვიდა შევარდნაძეს, ასე მოუვიდა სააკაშვილს და ძალიან არ მინდა, ასე მოუვიდეს ბიძინა ივანიშვილს და მის „ქართულ ოცნებას“.
–რატომ აკეთებს ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი? ხომ ყველამ ვიცით, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატურა მასთან შეთანხმებული იქნება და შესაბამისად, ეცოდინება, ვინ იყო და რას აკეთებდა წარსულში? გამოდის, რომ შეგნებულად აკეთებს ამას. ხალხს თავზე ასვამს ყოფილ კუდ–ის თანამშრომლებს.
–გარედან რომ უყურებ ადამიანი, ამ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილი არ ჩანს. საარჩევნო კამპანიის დროს, მას არც ახსენებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები.   არ ვიცი, რა ხდება ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში, „ქართული ოცნების“ შტაბში. არა ვარ ის ადამიანი, ვარაუდებით და ჭორებით ვილაპარაკო. მაგრამ ყველა ისარი მიდის ბიძინა ივანიშვილთან. თქვენ წარმოგიდგენიათ, ბიძინა ივანიშვილის გარეშე, „ქართული ოცნების“ არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობა, არამედ არსებობა? ამიტომ, ეს ყველაფერი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს. არა მგონია, დღეს რაც ხდება, მოსწონდეს ივანიშვილს, ამით კმაყოფილი იყოს. ამიტომ არ დავიწყებ ჭორაობას და ვარაუდებით ლაპარაკს. ასე დიდხანს არ გაგრძელდება. 2020 წლისთვის ბევრი რამ შეიცვლება. „ქართული ოცნების“ მიერ ხალხის შეურაცხყოფა, მეეჭვება, ასე უმტკივნეულოდ დასრულდეს.

მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩემი პირველი ბრიფინგის შემდეგ, შ.პ.ს. თაიმერის გენერალური დირექტორის ბერდია კალანდიას მიმართვის საპასუხოდ, ნიკა მელიამ ჩემს მიერ დასახელებული პირების ,,ნაციონალური მოძრაობის წევრობა ოფიციალურად დაადასტურა.  ნიკა მელიას დასტური ჩემთვის მთავარ მამხილებელ დოკუმენტს არ წარმოადგენს! ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ჟურნალ ,,ზუგდიდელებში” 2006 წელს გამოქვეყნებული ინტერვიუ ლაშა გოგიასთან, სადაც იგი შავით თეთრზე წერს და აღიარებს, რომ 2004 წლიდან ,,ნაციონალური მოძრაობის”წევრია!

 

 

წყარო: “ალია”

banner
წინა სტატიაშიგაერო ერაყსა და ქურთისტანს სიმშვიდისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნება” – 11 მილიონი; “ევროპული საქართველო” – 931,083,95; “ენმ”- 108,149,21 ლარი;