როდის შეიძლება დაიწყოს ”ხუდონჰესის” მშენებლობა? – კახა კალაძის კომენტარი

ვიცე-პრემიერს, კახა კალაძეს უჭირს იმაზე საუბარი, თუ როდის შეიძლება დაიწყოს ”ხუდონჰესის” მშენებლობა. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან დეტალს შეიცავს.

„გამიჭირდება საუბარი იმაზე, რომ ხვალ შეგვიძლია დავიწყოთ მშენებლობა, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს და შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, რა საკითხები დარჩა შესათანხმებელი კომპანია „ტრანსელექტრიკასთან“, რომელმაც ”ხუდონჰესი” უნდა ააშენოს და რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან გარკვეული პირობების შესრულებას ელოდება, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უწყებამ შეიმუშავა სატარიფო პოლიტიკა და სრულიად ახალი მიდგომა, თუმცა მასზე მუშაობა ჯერ არ არის დასრულებული.

„პირველი, ჩვენ შევიმუშავეთ სატარიფო პოლიტიკა, ჯერ არ არის ეს დასრულებული, თუმცა გვაქვს ახალი მიდგომა, ახალი შემოთავაზებები ინვესტორებისთვის, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება და ამის შემდეგ გადავალათ დეტალურ მოლაპარაკებებზე ყველა კონკრეტულ კომპანიასთან, ვისაც აქვს სურვილი ახალი პროექტების განხორციელების“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიReporters Without Border: საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა
შემდეგი სტატიაომარ ნიშნიანიძე საფიჩხიის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს