კახა კალაძემ თბილისის გენგეგმას ხელი არ მოაწერა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის გენგეგმასთან დაკავშრებით ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნა, რომ მან ხელი არ მოაწერა გენგეგმას.

„მოგეხსენებათ, თბილისის ურბანული განვითარება ჩვენი პროგრამული პრიორიტეტია, ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ შევიმუშავებდით თბილისის მიწათსარგებლობის ისეთ გენერალურ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მდგრად და სტაბილურ განვითარებას.

თბილისის მიწათსარგებლობის ეფექტიანი გენერალური გეგმის შემუშავება დედაქალაქის სტრატეგიულად სწორი და პერსპექტიული განვითარებისათვის, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ურთულესი კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შედგება არსებული მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტის შესწავლის, კვლევის გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინების და თანამედროვე გამოცდილებისა და მიდგომების გამოყენებით მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებებისაგან. ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა განაშენიანების გეგმაზომიერი და მდგრადი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილური ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაწყვეტა, ეკოლოგიური მდგომარეობის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურულ-მატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნება და მოვლა.

მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ გენგეგმის შესამუშავებლად არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ორი წლის წინ იქნა გაფორმებული, გაწეულია მნიშვნელოვანი სამუშაოები, მისი ნაწილი რეალურად მისაღები და გამოსადეგია ქალაქის განვიტარებისათვის, თუმცა, დოკუმენტი ჯერკიდევ დაუსრულებელია და მთელი რიგი მიმართულებით საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი, რათა ამ სახით გენგეგმის მიღებამ მომავალში დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას ჩვენს ქალაქს.

კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია, თუმცა სამწუხაროდ გენგეგმის მეექვსე დასკვნითი დოკუმენტი ჯერკიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს.

ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას, მის დასკვნით დოკუმენტს, ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას, ჩვენი ქალაქისთვის ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ კომპრომისზე და მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი.

ჩვენ ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც უკვე გასწია „სითი ინსტიტუტმა“ ამ პროცესში, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ზოგადად ჩვენი ქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება და ამის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას საკუთარი რესურსების გათვალისწინებით დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას.

მერია და მერიის სამსახურები სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ველოდებით მათ შემხვედრ წინადადებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: ნარკოპოლიტიკის კანონის ნაჩქარევი მიღება გაუმართლებელია
შემდეგი სტატიაგანათება, რომელიც გელათის ფრესკას აზიანებდა, მოიხსნა