კახა კალაძე – საქართველოში არასდროს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს

შეიძლება რაღაცები გაიწელა, რაღაცები მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ არასდროს შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, არავინ დაგვიჩაგრავს და არავისთვის წაგვირთმევია, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მარტვილში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

“მარტვილში იმართება არჩევნების მეორე ტური. აუცილებლად გავიმარჯვებთ. ის, რომ საქართველოს ზოგიერთ ქალაქში, რეგიონში ტარდება მეორე ტური, ამაში საგანგაშო არაფერი არ არის. ესეც დემოკრატიის პროცესის ნაწილია და შესაბამისად, ჩვენ მომზადებული უნდა შევხვდეთ არჩევნებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ წარმატებას. როცა ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლიდან ჩვენი გუნდისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მთავარი იყო, არის და იქნება ადამიანის კეთილდღეობა. ამ წლების განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები უკავშირდებოდა მხოლოდ უკეთესობას, ადამიანის კეთილდღეობას. შეიძლება რაღაცები გაიწელა, რაღაცები მიმდინარეობს და პროცესშია, თუმცა ჩვენ არასდროს შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, არავინ დაგვიჩაგრავს, არავისთვის წაგვირთმევია. ჩვენ გვახსოვს წლები, როცა ღამის სამ საათზე გამოყავდათ ბიზნესმენები და ართმევდნენ საკუთარ ქონებას, ბიზნესს. ჩვენ საბედნიეროდ, არჩევნების გზით, ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს და საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების თანახმად, კარგად შეიძლება დანახვა იმისა, თუ რამხელა განსხვავებაა 2012 წლის არჩევნების შემდგომ.

”მეამაყება, რომ დღეს ყველა ადამიანს, პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია, შეხვდეს მოსახლეობას, გააცნოს გეგმები, იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას აპირებენ ისინი მომავალი წლების განმავლობაში საკუთარი ქალაქის, საკუთარი რაიონის განვითარებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ძლიერი რეგიონები, ძლიერი სოფლები. ამ არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენ ავირჩიოთ ადამიანი, რომელიც მოემსახურება თავის რაიონს, თავის ქალაქს. პრობლემები და გამოწვევბი უამრავია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საინტერესო პროექტი იქნა განხორციელებული. ჩვენ თვითკმაყოფილი არ ვართ, ყველას გვესმის ის პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, შესაბამისად, ჩვენ წარმოდგენილი პროგრამებით დაგეგმილი გვაქვს, რომ ყველაფერი ეტაპობრივად იქნას მოგვარებული. იმის ილუზია არავის აქვს, რომ ყველა პრობლემა, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში დაგროვდა, ერთი ხელის მოსმით გადაიჭრება, მაგრამ იმის ამბიცია გაგვაჩნია, რომ პროექტები და რეფორმები, რომელსაც განვახორციელებთ, ყველასათვის იქნება თვალშისაცემი და ხელშესახები”, – განაცხადა კახა კალაძემ და ”ქართული ოცნების” მარტვილის გამგებლობის კანდიდატს, ალექსანდრე გრიგალავას მხარდაჭერა გამოუცხადა

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური – საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, პარტიებმა შეიძლება შემოწირულობებით იარსებონ – “კონსერვატორებს“ ამის პრობლემა არ გვაქვს
შემდეგი სტატიაბოსნია და ჰერცეგოვინამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა