კახა კალაძე: “გაზპრომზე” საუბარი არ ყოფილა, არც კომერციულ გაზზე

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მიუხდავად იმისა, რომ აზერბაიჯანული გაზით საქართველოს მოსახლეობა სრულად კმაყოფილდება, საჭიროა დამატებითი მოცულობა.

როგორც ვიცე-პრემიერი აცხადებს, ხელშეკრულება, რომელიც “გაზპრომთან” უნდა გაფორმდეს, ყოველწლიურად ფორმდება და ახლა დეკემბრამდე უნდა დაიდოს ხელშეკრულება, რომელიც ერთი წლით გაგრძელდება.

აღნიშნულის შესახებ კალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრას ესწრებოდა.

“მოლაპარაკებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს “გაზპრომთან”, ეს მოლაპარაკებები ხორციელდებოდა ყოველწლიურად გასული წლების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც და მანამდეც. ჩვენ იმ მილსადენით, რომლითაც რუსეთიდან საქართველოს გავლით მიდის გაზი სომხეთის მიმართულებით ვიღებთ 10% გაზს, გატარებული მოცულობისას. ეს ხელშეკრულება ყოველწლიურად ფორმდება და ჩვენ გვაქვს ვადა დეკემბრამდე, რომ კიდევ გავაფორმოთ ეს ხელშეკრულება ერთი წლით. თქვენ იცით, რომ მოსახლეობას გაზით აბსოლუტურად უზრუნველყოფს აზერბაიჯანი. რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, გასული წლების განმავლობაშიც ამის აუცილებლობა ყოველთვის იყო, გარდა იმისა, რომ 10% შემოგვქონდა იმ მილსადენიდან, რომელიც სომხეთის მიმართულებით მიდის, კიდვე დამატებით კომერციულ გაზს ვყიდულობდით”, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას საუბარი “გაზპრომზე” არ ყოფილა.

“საუბარი იყო ენერგეტიკული მიმართულებით სხვადასხვა პროექტებზე. იმ პროექტებზე, რომელსაც “სოკარი ახორციელებს საქართველოში. ჩვენ ძალიან ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ საქართველო არის ევროპისთვის სანდო პარტნიორი ქვეყანა. რაც შეეხება, სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, ჩვემ უკვე ხვალ მოვაწერთ ხელს მემორანდუმს, ეს არის ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის მიმართულებით, ანუ შესაძლებლობა გვექნება აზერბაიჯანში თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენრეგია საქართველოს გავლით, თურქეთში გავიტანოთ და ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. “გაზპრომზე” საუბარი არ ყოფილა, არც კომერციულ გაზზე”, – აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიალიევი: 100 წლის მერეც აზერბაიჯანს შეუძლია საკუთარი თავი დაიკმაყოფილოს მეზობლები და ევროპაც
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ურთულეს მომენტებშიც ვაჩვენეთ, რომ სატრანზიტო ფუნქციის ერთგულები ვართ