კახა კალაძე – “გაზპრომთან” შეთანხმება მიღწეული არ არის

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” შეთანხმება არ არის მიღწეული. როგორც კალაძემ არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, “გაზპრომთან” მომავალი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მოლაპარაკებებში პოლიტიკურ კონტექსტს, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებებში იმ მოცულობებზე, რაზეც დღეს საუბარი მიმდინარეობს, არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს.

“მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ გარკვეული წლების განმავლობაში უკვე გვაქვს ურთიერთობები “გაზპრომთან” ყოველწლიურად. ასევე, ელექტროენერგიის ყიდვის თვალსაზრისით და საკმაოდ კარგი და მეგობრული ურთიერთობებია ამ მიმართულებით. ეს არის ურთიერთობები, რომელსაც ჩემი წინამორბედი მინისტრები გარკვეული სირთულის მიუხედავად აშენებდნენ. ნამდვილად არ ვაპირებ დღეს ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, ეს ურთიერთობები ვიღაც ან რაღაცეების ხარჯზე დავანგრიო”, – განაცხადა კალაძემ.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, ის არის ამ დარგის ხელმძღვანელი და პასუხისმგებელია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებზე.

“ჩემი და სამინისტროს თითოეული თანამშრომლის პირადი ვალდებულება და მოვალეობაა, უზრუნველყოფა მოვახდინოთ იმ მოთხოვნების, რომელიც საზოგადოებაშია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის თვალსაზრისით”, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს, მინისტრს რუსული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის მომავალ თარიღზე საუბარი ამ ეტაპზე უჭირს. მისივე თქმით, არც შეთანხმება არ არის მიღწეული.

“შეთანხმება ვერ არის მიღწეული და ამიტომ ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, მყარი შეხედულებები და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წამოვიღოთ მაქსიმალური შედეგი ისევ და ისევ ჩვენი ხალხისთვის, დარგის განვითარებისთვის”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“გაზპრომს” ექნება შესაძლებლობა, სომხეთს გაზი ირანის გავლით მიაწოდოს
შემდეგი სტატიანინა სუბლატი: ეს ჩემი დაა – ლილე, ლილეს დაუნის სინდრომი აქვს