კახა კალაძე : ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს, ნარკოტრეფიკს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება

თბილისის მერი კახა კალაძე მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რომელიც დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორისაა დაგეგმილი და, რომელზეც გუშინდელი შეთანხმების პირობებს განიხილავენ.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პირადად არ არის ჩართული ამ ეტაპზე მოლაპარაკებებში, თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერთვება.

„მე პირადად ჩართული არ ვიქნები მოლაპარაკებებში. თუ ამის აუცილებლობა იქნება, ჩავერთვები, თუმცა არ ვფიქრობ, რომ იყოს ამის საჭიროება. მოლაპარაკებები დღეს გაიმართება და შემდეგი დღეების განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის გადახედვაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს და მის მიერ 12 მაისს გაკეთებული განცხადებაც ამაზე მეტყველებს. შესაბამისად, კალაძის თქმით, არასწორია ინტერპეტაცია იმის შესახებ, რომ ამ საკითხზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მასზე ბერა ივანიშვილმა ისაუბრა.

„ნარკოპოლიტიკა რომ უნდა გადაიხედოს, ამაზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ და გუშინწინდელი ჩემი განცხადებაც მგონი, მეტყველებს იმაზე, თუ კარგად მოუსმენთ რაზეა საუბარი ჩემი მხრიდან გუნდის სახელით გაკეთებულ განცხადებაში, იქ მგონი ყველაფერი ნათელია.

სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ამ საკითხზე მუშაობა, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ეს არის სერიოზული პრობლემა.

„კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გუშინწინ ჩემს გამოსვლაში იყო საუბარი იმაზე რომ ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ზოგადად, სახელმწიფო კი არ უნდა სჯიდეს, არამედ უნდა იცავდეს ადამიანებს თუნდაც ნარკოტიკებისგან“, – აცხადებს კალაძე.

მისი თქმით, ნარკორეალიზატორებს ყველა ერთად უნდა ებრძოლოს.

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს, ნარკოტრეფიკს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ბევრი ადამიანი ჩაერთვება“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შეთანხმების პირობებზე მუშაობა დღეს დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიმივესალმები შს მინისტრის მიმართვას და მზაობას დიალოგისკენ, დარწმუნებული ვარ, საერთო ენის გამოძებნა სწორედ დიალოგით იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიაჩვენ გვიწევს ფორსირებულად და დაჩქარებულად ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა – თამარ ჩუგოშვილი