კახა კალაძე : დეველოპერი, რომელიც არ დაიცავს კანონს, სათანადოდ აგებს პასუხს

საგანგაშოა სტატისტიკა, რომელიც მშენებლობის უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფატალურ შედეგებს უკავშირდება- ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გიორგი ბაგრატიონს, მშენებლობების უსაფრთხოების ნორმების პირად კონტროლზე აყვანის დავალება მისცა. მისივე თქმით, ყველა დეველოპერი, რომელიც არ უზრუნველყოფს კანონის დაცვას, კანონის წინაშე სათანადოდ და სამართლიანად აგებს პასუხს.

“მინდა გითხრათ, რომ ბოლო 5 დღის განმავლობაში ზედამხედველობის სამსახურმა დაახლოებით 100-ზე მეტ მშენებარე ობიექტს მისცა სიტყვიერი გაფრთხილება, 50-ზე მეტ ობიექტზე ზედამხედველობის სამსახურმა უკვე დაიწყო საქმის წარმოება და ჯარიმების გამოწერა. ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება მშენებლობებზე და ხშირია, როდესაც ვისმენთ კონკრეტული ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დაზღვევის, ყოველგვარი დაცვის გარეშე ადამიანები მუშაობენ სამშენებლო ობიექტებზე და ჩვენი გუნდისთვის მიუღებელია. მინდა, დავავალო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გიორგი ბაგრატიონს, პირად კონტროლზე აიყვანოს და უმკაცრესად გააკონტროლოს ყველა მშენებარე ობიექტი სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები თვალსაზრისით და აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოს მთავრობის 361- ე და 477-ე დადგენილებები. ზედამხედველობის სამსახურის მითითებები თუ არ იქნება გათვალისწინებული თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მშენებლობები გააჩეროთ. ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე ჯანმრთელობა და უსაფრთხოება გახლავთ ის საკითხები, რაზეც თბილისის მერია იქნება პრინციპული”განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი დღეს დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს
შემდეგი სტატიამკვლელობაში ბრალდებულ მოზარდებს ომბუდსმენის წარმომადგენელი მოინახულებს