კახა კალაძე : დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება სრულიად საქართველოს გამარჯვება იქნება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროს კახა კალაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” გამარჯვება სრულიად საქართველოს გამარჯვება იქნება.

ამის შესახებ კალაძემ დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინეს.

კალაძის თქმით, დმანისელები ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ირგვლივ პირველი დღეებიდანვე გაერთიანდნენ და დღესაც ქვეყნის სადარაჯოზე დგანან.

„დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ღირსეულად გავართმევთ თავს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. უამრავი პროექტი, უამრავი პროგრამა განხორციელდა, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. ჩვენი ერთსულოვნებით და ერთად დგომით, ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ. ზუსტად პარტია „ქართული ოცნება“ გახლავთ საქართველოში ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს შესაძლოებლობა ეს პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება იქნება არა მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების, ჩვენი აქტივისტების გამარჯვება, არამედ ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა ოქრიაშვილმა პრემიერსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სრულიად ახალი გუნდი ქვეყანას წინ წაიყვანს და უამრავ პრობლემას გადაჭრის.

banner
წინა სტატიაშიფოთში ზაზა ჭურღულიამ მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ოფიციალურად დატოვა
შემდეგი სტატიაგოდერძი ბუკიამ მაჟორიტარობის კანდიდატობაზე უარი თქვა