კახა კალაძე: “ჩვენთვის პრიორიტეტია, ხალხს ჰქონდეს გაზი და არა ამის ხარჯზე პოლიტიკური სპექტაკლების დადგმა”

KALADZE 6ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” დაკავშირებით, თემის ხელოვნური პოლიტიზება ხდება და ეს მხოლოდ მისი სუბიექტური აზრი არ არის.

კახა კალაძეს ამის ეჭვს ისიც უმძაფრებს, რომ მხოლოდ ახლა ატყდა აჟიოტაჟი, როცა 2002 წლიდან დღემდე საქართველოსა და “გაზპრომს” შორის ურთიერთობა არსებობს.

“ეს არ არის ჩემი სუბიექტური აზრი, რაღაც ვარაუდებზე დაყრდნობილი. ყველა პოლიტიკურად არადაინტერესებული და არაანგაჟირებული ადამიანი შეატყობდა იგივეს. გავიხსენოთ, როგორ დაიწყო. ჩვენი ჯგუფი აპირებდა ყოველწლიურ შეხვედრას “გაზპრომის” წარმომადგენლობასთან, ისევე, როგორც ეს ხდებოდა 2002 წლიდან დაწყებული შარშანდელ წლამდე. გაჩნდა დამატებითი წინადადებები და შემოთავაზებები რუსული მხარისგან და, შესაბამისად, შეხვედრის ფორმატი შეიცვალა მთავრობის გადაწყვეტილებით, შევხვდით მინისტრი, მოადგილე და კომპანიის ხელმძღვანელობა. რუსები იმდენად დაინტერესებულნი იყვნენ ამ შეხვედრით, რომ მილერი საქართველოში სტუმრობასაც კი აპირებდა. ზუსტად იმ მოტივით, რომ ეს სამუშაო შეხვედრა ვინმეს პოლიტიკური თამაშებისთვის არ გამოეყენებინა, ჩვენ მესამე ქვეყანა ვარჩიეთ. მაშინ უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, რომ ეს თემა სათავისოდ აეწიათ. რატომღაც შეხვედრების პერმანენტულობა საიდუმლოდ გამოაცხადეს (მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციებისა ჩვენი უწყების მხრიდან) და დაიწყეს ანტირუსული ისტერიის აგორება ხელისუფლების საწინააღმდეგო შეფუთვით”, – აცხადებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ენერგეტიკის მინისტრი.

კითხვაზე, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ამ სიტუაციაში, ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი ისაა, რომ ხალხს გაზი ჰქონდეს.

“მოსამოქმედებელი, ვფიქრობ, არაფერია. მთავრობის ეკონომიკურ ჯგუფს გვაქვს რეგულარული შეხვედრები და ვცდილობთ, ქვეყნისთვის სასარგებლო და მომგებიანი შედეგი დაიდოს. ჩვენთვის პრიორიტეტია, ხალხს ჰქონდეს გაზი და არა ამის ხარჯზე ან ამის სანაცვლოდ პოლიტიკური სპექტაკლების დადგმა და პიარსარგებლის მიღება. ჩვენ გამოვიყენებთ ნებისმიერ პოლიტიკურ სიტუაციას ჩვენი ეკონომიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად და არა პირიქით პოლიტიკურად მომგებიანი სიტუაციის შესაქმნელად ეკონომიკურად სარგებლიან პროექტებს და შემოთავაზებებს ვერ უარვყოფთ”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშითვითმკლვლელობა სოფელ კორცხელში
შემდეგი სტატიაამ ეტაპზე კოალიციის დაშლის საფრთხე არ არსებობს