კახა კალაძე – ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, ამდენ წარმატებულ ქალბატონს ვხედავ

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ქალებს შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო.

როგორც „თაიმერს“ პარტია „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, ქალბატონების ჩართულობა სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ სფეროში მიმდინარე პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია.

„გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მართლაც განსაკუთრებულად ვემზადებოდი თქვენთან შეხვედრისთვის და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, ამდენ წარმატებულ ქალბატონს ვხედავ ამ შეხვედრაზე. ჩემთვის, ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონების ჩართულობა სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ სფეროში მიმდინარე პროცესებში. ყოველდღე მაქვს 6-7 შეხვედრა მოსახლეობასთან და ყოველთვის, ყველა შეხვედრაზე განსაკუთრებით აქტიურები სწორედ ქალბატონები არიან, რაც ნამდვილად მისასალმებელია. გარწმუნებთ, რომ მომავალში იქნება სრული მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მხრიდან ქალების, მათი ჩართულობისა და მათი პროექტების მიმართ. თქვენს გვერდით გვიგულეთ“, – განუცხადა კახა კალაძემ შეხვედრის მონაწილეებს.

თბილისის მერობის კანდიდატმა ქალბატონებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

კახა კალაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სამი მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას და განვითარებას, ასევე, მშენებლობის სტანდარტების დახვეწას.

თბილისის მერობის კანდიდატმა, ასევე, ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს და განაცხადა, რომ სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები განახლდება და განვითარდება.

კახა კალაძის თქმით, ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება ინკლუზიური ქალაქის იდეის განხორციელება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თავისუფალი გადაადგილებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.

თბილისის მერობის კანდიდატმა, ასევე, განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და კულტურის საკითხებიც მიმოიხილა. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას ინფრასტრუქტურული პროექტების ვიდეორგოლები წარუდგინა.

შეხვედრაზე კახა კალაძემ მიწისქვეშა პარკირების პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი სწორედ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აქციებს აწყობენ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართუ ჯგუფი“ იქ ახორციელებს მიწისქვეშა პარკინგის სამუშაოებს. მინდა განვმარტო, რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები ამ ყველაფერს: „ქართუ ჯგუფი“ ახორციელებს დაახლოებით 680-მილიონიან ინვესტიციას. იმ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება ამ ინვესტიციის ფარგლებში – ეს არის პანორამა, გალერეა, თაბორის მთის პროექტი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ევროპაში, დაახლოებით 15 000 ადამიანია დასაქმებული. პროექტების დასრულების შემდეგ კი 1800 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. სწორედ ამას ებრძვიან ეს ადამიანები. იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყნის და ქალაქის განვითარებისთვის, თუმცა ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ პროცესს – ქვეყნის წინსვლას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მინისტრები – თეა წულუკიანი და ქეთევან ციხელაშვილი, ასევე, პარლამენტის წევრი ქალბატონები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიახრა ავიძბა: აფხაზეთში ყოველდღე ხდება ყაჩაღობა, გაუპატიურება, მკვლელობა, ხოლო ნარკოტიკები ყოველ კუთხეში იყიდება
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნების“ საკრებულო უპრინციპოა – ისინი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან