კახა კახიშვილი – ვეფხია ბაქრაძემ პირველ ადგილობრივ საბჭოს ექვსჯერ მიმართა და ექვსივეჯერ უარი მიიღო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 10:28

კახა კახიშვილი – ვეფხია ბაქრაძემ პირველ ადგილობრივ საბჭოს ექვსჯერ მიმართა და ექვსივეჯერ უარი მიიღო

ვეფხია ბაქრაძემ პირველ ადგილობრივ საბჭოს 2016 წლის 30 სექტემბერს შუამდგომლობით მიმართა, რათა მისი სასჯელი უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლილიყო, რაზეც უარი ეთქვა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას კი შეწყალების თხოვნით 27 ოქტომბერს მიმართა,- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ანუ, 30 სექტემბერს ჩვენ გვთხოვა, იქნებ, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში გადამიყვანოთო, მაგრამ კომისიამ უარი უთხრა. 27 ოქტომბერს კი უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალების თხოვნით მიმართა და შემდგომში, როცა სასჯელი მოაკლეს, იმ ვადამდე მივიდა, როცა უკვე მისი პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი უნდა განხილულიყო“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, მანამდე, როცა ვეფხია ბაქრაძემ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნით მიმართა, მას პირობით ვადამდე გათავისუფლების განხილვის ვადები არ ეხებოდა.

„მას ამ დროს მხოლოდ სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის ვადა ეხებოდა, მაგრამ როცა ერთი წელი მოაკლდა, მერე უკვე პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებასაც ითხოვდა, რაც ექვსჯერ მოითხოვა და შესაბამისად, საკითხი ექვსჯერ იქნა განხილული, მაგრამ პირველმა ადგილობრივმა საბჭომ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარი ერთხელ 2016 წლის 30 ოქტომბერს უთხრა, მეორედ 2016 წლის 27 დეკემბერს, მესამედ 2017 წლის 31 იანვარს, მეოთხედ 2017 წლის 28 თებერვალს, მეხუთედ 2017 წლის 31 მარტს და მეექვსედ 2017 წლის 28 აპრილს. შემდგომში, მან სასჯელი კალენდარულად მოიხადა“, – განაცხადა კახიშვილმა.

ამ განცხადებით კახა კახიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეწყალების კომისიამდე მიმართა თუ არა ვეფხია ბაქრაძემ სასჯელაღსრულების სამინისტროს და თუ მიმართა, რამდენჯერ.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს რომ ვეფხია ბაქრაძე არ შეეწყალებინა, რისკი მაინც არსებობდა, რომ ეს ადამიანი დანაშაულს სასჯელის კალენდარულად მოხდის შემდეგაც ჩაიდენდა. ამიტომ, მინისტრის თქმით, მეტი პრევენციული ღონისძიებაა მოსაფიქრებელი, რათა ზოგადად, დანაშაულის პრევენცია მოხდეს.

„ერთმანეთზე გადაბრალება სწორი არ არის და ყოველდღიური მუშაობაა საჭირო, რომ მექანიზმების დაიხვეწოს, რათა ასეთი ტიპის ფაქტები მომავალში მაინც ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს. მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ვეფხია ბაქრაძეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, თაკო გამრეკელაშვილი, დედასთან ერთად, პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც მამინაცვლის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე განცხადება შეიტანეს. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა.

მკვლელობისთვის დაკავებული პირი, შსს-ს ინფორმაციით, ადრე ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ბრალდებით და ის პრეზიდენტის შეწყალებით რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 10:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics