კახა კახიშვილი – რაღაც ტიპის ხარჯვაზე უარს ვიტყვით

2016 წელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ძალიან მასშტაბური წელი იყო, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

„ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია მივიღეთ და დღეის მდგომარეობით, მთავრობაში ცვლილებათა ძალიან დიდი პაკეტია ინიცირებული, რომლის ინიცირება უახლოეს დღეებში პარლამენტში მოხდება. მისი მიღების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში უფლებრივი საკითხები ძალიან გაღრმავდება. ვცდილობთ, შევქმნათ სისტემა, რომლის მართვაც ერთი ადამიანის ნებაზე და ხასიათზე დამოკიდებული არ იქნება. უახლოეს პერიოდში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ძალიან ბევრი სიახლე დაინერგება“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, იყო დრო, როცა ციხეებში დებულებებიც კი არ არსებობდა, რა უნდა გაეკეთებინა ციხის დირექტორს, რეჟიმის ინსპექტორს თუ ლოჯისტიკის სამსახურის მრჩეველს. ეს ყველაფერი, დღეს დადოკუმენტირებულია და ხელმძღვანელობა ცდილობს, სისტემა მყარ ლიანდაგებზე დააყენოს. სისტემის ძირითადი პრობლემები კი, ინფრასტრუქტურულ პროექტებთანაა დაკავშირებული.

„სამინისტროს ხელმძღვანელობის ხედვაა, რაც შეიძლება მოკლე დროში ევროპის მსგავს პატარა ციხეებზე გადავიდეთ. ზოგიერთ დაწესებულებაში 2400-ზე მეტი ადამიანია და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მართვის პრობლემა უფრო მწვავედ დგას. მართალია, პატარა დაწესებულებებზე გადასვლას ვგეგმავთ, მაგრამ ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ერთი ევროპული სტანდარტის ციხის მშენებლობა 30 მილიონ ევროზე მეტი ჯდება და ამიტომ, ეს პრიორიტეტი წლებზეა გაწერილი“, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, სასჯელაღსრულების სამინისტროს ბიუჯეტის ოპტიმიზაცია საკადრო პოლიტიკაზე არ აისახება.

„მინდა, საქართველოს მთავრობას მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ მართალია, ბიუჯეტი შეგვიმცირდა, მაგრამ ეს მოთხოვნა არ იყო, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია მაინცდამაინც საკადრო რესურსზე გადასულიყო. რა თქმა უნდა, რაღაც ტიპის ხარჯვაზე უარს ვიტყვით, რადგან ბიუჯეტი 14 მილიონით შეგვიმცირდა, მაგრამ ეს თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაზე არ აისახება. ჩემი თანამშრომლების გასაგონადაც მინდა ვთქვა, რომ მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. მთავარია, კეთილსინდისიერად იმუშაონ “, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბერლინის ტერაქტში კიდევ ერთი ტუნისელი გამოჩნდა
შემდეგი სტატიაოდესაში სკოლის საპირფარეშო ზეიმით გაიხსნა