კახა იმნაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 37-ე პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა

2016 წლის 31 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 37-ე პლენარულ სხდომაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტმა, სილვია ფერნანდეს დე გურმენდიმ წარმოადგინა გასული პერიოდის განმავლობაში სასამართლოს მუშაობის ანგარიში.

პლენარული სხდომის ფარგლებში დებატისას გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ გააკეთა განცხადება. მან ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობის გარეშე, სუფევს დაუსჯელობა, ხოლო სამართლისა და მშვიდობის მიღწევა შეუძლებელი ხდება. მასობრივი დანაშაულის პრევენცია, რომელიც “საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას” უმთავრესია საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად იმ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ჰუმანიზმის ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც სასამართლოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აერთიანებს.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ 14 აგვისტოს სასამართლოს წინასწარი გამოძიებისას დაიწყო.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო 1990—იანი წლებიდან საერთაშორისო დანაშაულებების მსხვერპლია, 2008 წლის აგვისტოში კი, ათასობით სამოქალაქო პირი გახდა განმეორებული ეთნიკური წმენდისა და სხვა შემზარავი დანაშაულის სამიზნე.

კახა იმნაძემ დელეგაციებს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული დანაშაულებების გამოძიების მიზნით ეროვნულ დონეზე საქართველოს მიერ ჩატარებული უპრეცედენტო მასშტაბის გამოძიების შესახებ. კერძოდ, ქართული საგამოძიებო ჯგუფი ესაუბრა 7000 მოწმეს, მოიპოვა 200 სასამართლო ექპერტის მოსაზრებები და 30 დასახლებულ ტერიტორიაზე ჩაატარა დანაშაულის ადგილის მოკვლევა.

საქართველოს წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ ტერიტორიებად რჩება და შემოსაზღვრულია მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით, დანაშაულის ადგილების დათვალიერება მოხდა სატელიტური ხედების მეშვეობით. აღნიშნულის მიუხედავად, დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ უკანონო ოკუპაციის გამო შეუძლებელი გახდა.

ასეთ მდგომარეობაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებლის ფატუ ბენსუდას მიმართვა და წინასასამართლოს I პალატის 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება ე.წ. proprio motu გამოძიების ჩატარების შესახებ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევა 2008 წლის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებულთა უფლებების დაცვისა და, ასევე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხისმგებელ პირთა დასჯის თვალსაზრისით. ქართულმა მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც იურიდიულად მართებული და საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან შესაბამისი. როგორც 2016 წლის თებერვალში გამომძიებელმა ფატუ ბენსუდამ აღნიშნა, ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ “გამოძიება დაადგენს სიმართლეს და სამართალი მიიღწევა კონფლიქტის დროს დაზარალებული პირებისთვის”.

https://www.youtube.com/watch?v=CYLi5uxvWsM&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშირუსებმა ალეპოს დაბომბვა განაახლეს – დაღუპულია 11 ადამიანი
შემდეგი სტატიაერაყის არმიამ მოსული რკალში მოაქცია