კახა ცხადაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

არსებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხადაძე ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში 13:00 საათზე გაიმართება.

ფეხბურთის ფედერაციასა და ცხადაძეს შორის შეუთანხმებლობის სავარაუდო მიზეზი სახელფასო სისტემაა. ფედერაცია ცხადაძეს ხელფასის საგრძნობლად შემცირებას და საბონუსე სისტემას სთავაზობს, რომელსაც მთავარი მწვრთნელი მომდევნო შესარჩევ ეტაპზე მიზნის მიღწევის შემთხვევაში მიიღებს. თავის მხრივ, ცხადაძე მზადყოფნას აცხადებს ხელფასის 25%-ით შემცირებაზე, საბონუსე სისტემაზე კი მისი საბოლოო პოზიცია უცნობია.
ცხადაძესა და სფფ-ს პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შორის გუშინ შეხვედრაც გაიმართა.

“მე ჩემი კომენტარი ხელფასის დაკლებასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთე. ჩემი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, დანარჩენი ფედერაციამ უნდა გააკეთოს. შეუძლია გამიშვას, მერე კი მე გავაკეთებ განცხადებას. ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ მერე ეს ცალკე სალაპარაკო თემა გახდება. ეგრე გაუშვი – უპატრონო კი არ ვარ?! კონტრაქტი მაქვს, ვალდებულებებია, მილიონი რაღაცაა… მე ჩემი ცხოვრება ორწელიწადნახევრით დაგეგმილი მაქვს – ნაკრებში მუშაობა”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ცხადაძემ.

თავის მხრივ, ლევან კობიაშვილმა “ლელოსთან” საუბარში განაცხადა, რომ ფედერაციის შეთავაზება ცნობილია და პასუხს ცხადაძისგან ელოდება.

banner
წინა სტატიაში,, აშშ-საქართველოს ურთიერთობა ასეთი ძლიერი ჯერ არასდროს ყოფილა”
შემდეგი სტატია“ვირუსი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადის”