კახა ცხადაძე პოსტის დატოვებას არ აპირებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე პოსტის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ კახა ცხადაძემ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა და სფფ-ის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება. ცხადაძის განცხადებით, ის აპირებს დაელოდოს აღმასკომის სხდომას. “მე დაველოდები აღმასკომის სხდომას. მათი გადასაწყვეტია დამტოვებენ თუ არა თანამდებობაზე. მე არ ვაპირებ დავტოვო მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჩემი ნებით”, – განაცხადა კახა ცხადაძემ. მან ხელფასზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ნაკრების ყოფილ მწვრთნელებთან შედარებით 600-700 ათასი დოლარით ნაკლები ხელფასი აქვს. კახა ცხადაძემ დღეს ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ფედერაციამ მას თანამდებობის დატოვების შემთხვევაში კომპენსაციის სახით 200 ათასი დოლარი შესთავაზა, თუმცა მისგან დაზუსტებული პასუხი არ ყოფილა. “3-ჯერ შევხვდი კობიაშვილს. ჩვენი ბოლო შეხვედრაზე მან შემომთავაზა, რომ კომპენსაციას გადამიხდიდა ფედერაცია 200 ათას დოლარს. მე ვუთხარი რომ არ ვიყავი ამაზე თანახმა და ვუთხარი, რომ მოვიფიქრებდი. საბოლოოდ არ მოხდა შეთანხმება”, – განაცხადა ცხადაძემ. მისი თქმით, ფედერაციაში შექმნილ პრობლემებზე მას შეხვედრა ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან საუბარი არ ჰქონია. ცხადაძის თქმით, მისი მხრიდან ეს არ იქნება სწორი საქციელი. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებსაც მოუწოდა, რომ მათ საკუთარი საქმე აკეთონ, რადგან ისინი არ არიან არც ცხადაძის და არც კობიაშვილის. “თქვენი ვალდებულებაა, მაქსიამუმი გაიღოთ ნაკრებისთვის და არ ჩაერიოთ დავაში”, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

banner
წინა სტატიაშიოლანდი: ისლამური სახელმწიფოს ვიდეო ფრანგებს ვერ შეაშინებს
შემდეგი სტატია“იყავი როგორც ბილი” – ავსტრალიის პოლიციამ ინტერნეტ-მემზე ძებნა გამოაცხადა