“კაბელების საქმე” და ხელისუფლების დაკვეთა – დოლიძემ კითხვა უპასუხოდ დატოვა

ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს ე.წ. „კაბელების“ საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ მას ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებთან კონტაქტი არ დაუკარგავს. – „არასდროს ჩემს ცხოვრებაში პრინციპებიდან და ღირებულებებიდან არ გადამიხვევია და არც ვაპირებ…იმ ოჯახებთან და პატიმრებთან კონტაქტი არ დამიკარგავს. რამდენიმე დღის წინ ვნახე კიდეც. მათი აღქმა არის აბსოლუტურად ადეკვატური. ბევრის გაკეთება შეგვიძლია იქიდან, სადაც ვართ“, – აღნიშნა დოლიძემ.

ხოლო ჟურნალისტების კითხვა, ხომ არ ფიქრობს, რომ თავდასცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება ხელისუფლების მხრიდან წამოსული დაკვეთა იყო, დოლიძემ უპასუხოდ დატოვა.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს. ვიქტორ დოლიძე არ მიიჩნევს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ თავის დროზე ხმაურიანად წავიდნენ ხელისუფლებიდან. დოლიძემ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა:

„არ ვიტყოდი მე, რომ ხმაურიანად წავედით. ყველა ეტაპს პოლიტიკაში თავის თავისებურებები აქვს. მართალი გითხრათ, არც ერთ ჩემს ნაბიჯზე არ მწყდება გული, რომელიც პოლიტიკაში გამიკეთებია აქამდე. ვფიქრობ, რომ ყველა ეს ნაბიჯი იყო სწორი, გამომდინარე აქედან, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არახალია ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, რომ გიორგი კვირიკაშვილთან და მის მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად ვიყავით, მიუხედავად იმისა, ჩვენ შევიდოდით პარლამენტში თუ არა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა და შეუძლია, კიდევ უფრო მეტი პოლიტიკურად გამართლებული და კულტურული ელემენტები შეიტანოს ქართულ პოლიტიკაში, რაც წაადგება იმ საქმეს.
მე მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის. ერთგვარი უჩვეულო პოლიტიკური რეალობაა ქვეყანაში კარგი გაგებით, როდესაც ყოფილ ოპოზიციონერს მთავრობაში ეპატიჟებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი განაცხადია, პირველ რიგში, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ასევე ჩემი მხრიდან, როდესაც ჩვენ სახელმწიფოებრივად ვუდგებით ამ საკითხს. მე ვაპირებ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო იმაში, რომ სხვა უწყებებთან ერთად, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადავდგათ თვისობრივად კიდევ უფრო ძლიერი ნაბიჯები“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვს
შემდეგი სტატიასამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმება ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო