ჯონ ქერის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ საქართველოში ვიზიტი დაასრულა.

სახელმწიფო მდივანი თბილისში 6 ივლისს ჩამოვიდა. ის შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ქვეყნის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს. დაესწრო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარულ სხდომას, რომლის შემდეგაც გაფორმდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლის მემორანდუმი – ამერიკის შეერთებულ შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფართოებს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.

ვიზიტის ფარგლებში ქერი შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს. დღესვე მან აუდიენცია გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სახელმწიფო მდივანი საქართველოდან კიევში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის ლიდერებთან და განიხილავს რეფორმების განხორციელების საკითხს, ასევე მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის თემას და სხვა საკითხებს.

8 ივლისს, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, პრეზიდენტ ობამასთან ერთად, პოლონეთში ვარშავის NATO-ს სამიტს დაესწრება.

სახელმწიფო მდივანი NATO-ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელ კოლეგებს შეხვდება ალიანსის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერებისა და აღმოსავლეთით და სამხრეთით სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხების თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიროინ აგრბა: საკურორტო სეზონი შეიძლება გამოვაცხადოთ დახურულად
შემდეგი სტატიაჯონ კერი “ნაციონალურ მოძრაობასა” და “თავისუფალ დემოკრატებს” შეხვდა