ჯონ ქერი თბილისში ვინმეს ყურის ასაწევად არ ჩამოდის

saluqvadze1ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ვკითხულობ რაღაც მოსაზრებებს და მინდა გითხრათ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის შემდეგ, ვარშავის სამიტის წინ, არ ჩამოდის თბილისში ვინმეს ყურის ასაწევად.

დაუფიქრდით როგორაა შერჩეული მარშრუტი: თბილისი – კიევი – ვარშავა. ყურის ასაწევად სხვა დროს შეარჩევდა და არც ჩამოვიდოდა, იქედანაც შეეძლო დატუქსვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჩასვლა ნებისმიერ ქვეყანაში, უმაღლესი მნიშვნელობის ვიზიტად ითვლება. როცა ეს ხდება საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი სამიტის წინ, მას სულ სხვა დატვირთვა აქვს.

აშშ საქართველოს ნატოში მიღების მხარდამჭერია და ჯონ ქერის ამ საკითხს აუცილებლად ხაზგასმით აღნიშნავს. ასევე ხაზგასმული იქნება საქართველოს წვლილი საერთაშორის უსაფრთხოების ოპერაციებში და ტერორიზმთან ბრძოლაში, ჩვენი როლი ავღანეთის მისიაში.

ჯონ ქერი პირველ რიგში აღნიშნავს საქართველოს წინსვლას რეფორმების კუთხით, შეეხება დეოკუპაციის თემას და მხარს დაუჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.

მისი ჩამოსვლის მთავარი მიზანი იქნება ჩვენი მხარდაჭერა სამიტის წინ. ყველას ესმის, რომ საქართველოსთან მიმართებაში არც წევრობის საკითხი განიხილება, არც მაპ-ი და არც მისი მსგავსი სამოქმედო გეგმა, მაგრამ სახელმწიფო მდივანი ამ ვიზიტით და მხარდაჭერით გარკვეულ კომპენსირებას მოახდენს.

ამერიკას კარგად ესმის, რომ ნატოსკენ ჩვენი ლტოლვის დროში გაწელილი პროცესი, ამ გზის საწინააღმდეგო ვექტორს აძლიერებს და მისი ჩამოსვლა დასავლური ვექტორის გაძლიერებასაც უკავშირდება.

აი ასეთი მესიჯები იქნება იქნება წინა პლანზე.

რა თქმა უნდა, ჯონ ქერი ისაუბრებს წინასაარჩევნო გარემოზე და დანარჩენს აქტუალურ შიდაპოლიტიკურ თემებზე, მაგრამ მისი საქართველოს მოსახლეობისადმი მიმართვის მთავარი ლეიტმოტივი საქართველოს მხარდაჭერა იქნება სამიტის წინ. მისი ეს ვიზიტი კი კონკრეტული მესიჯი იქნება სხვა სახელმწიფოების მისამართით.

ყველანაირი ყურის აწევა და ამით იმის მინიშნება, რომ საქართველოს ნატომდე ჯერ ბევრი გზა აქვს გასავლელი, მხოლოდ ნატოს საწინააღმდეგო პროცესებს გააძლიერებს.

ამირან სალუქვაძე

 

banner
წინა სტატიაში(video) სოხუმში მომიტინგეებმას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესასვლელს ცეცხლი წაუკიდეს
შემდეგი სტატიაევროპის ბანკმა ახალი 50 ევროიანი გამოუშვა