ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას მეორე ტურებისა და პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ამ გზით ოპოზიციას შეუძლია ახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიაღებინოს ხელისუფლებას.
კურიერის პირდაპირ ეთერში პირველი ლეიბორისტი ამტკიცებს, რომ ბოიკოტის შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული იქნება გაზაფხულზე ახალი არჩევნები დანიშნოს.
“როგორც კი გაყალბებით, მოსყიდვით, ძალადობით და რეპრესიებით პარლამენტში გასული ოცნება დარჩება მარტო თავის პულტებთან, მას არ ექნება არანაირი ლეგიტიმურობა მსოფლიოს თვალში და იძულებული იქნება თავიდან ჩაატაროს არჩევნები. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შევა პარლამენტში, ამ პარლამენტს უწერია მოკლე დღე და მაქსიმუმ გაზაფხულზე ჩვენ მივიღებთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარსაც უპასუხა და მას ბიძინა ივანიშვილის მევალე უწოდა.
„ჩვენი ლანდი არ ასვენებთ და მთავრობის სხდომებსაც ჩვენ გვიძღვნიან. ჯობს იყო ხმა წარსულიდან – ზნეობრივი და ეროვნული, ვიდრე იყო ხმა დღევანდელობიდან, მაგრამ იყო ივანიშვილის საინფორმაციო ღრუ და ივანიშვილის მევალე,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სოზარ სუბარმა დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ლეიბორისტულ პარტიას „ხმა წარსულიდან“ უწოდა.