ჯეჯელავა: დაისჯება ყველა, ვინც განათლების დამადასტურებელი საბუთების გაყალბებას შეეცდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელიც განათლების დამადასტურებელი საბუთების გაყალბებას შეეცდება, აუცილებლად დაისჯება.

აღნიშნული განცხადებით განათლების მინისტრი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ყალბი დიპლომების გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავებას გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია. როდესაც გვაქვს სრულიად უფასო პროფესიული განათლების ძალიან კარგი პროგრამები, უმაღლესი განათლების მრავალფეროვანი დაფინანსება, ყველას მინდა მოვუწოდო, ნებისმიერი სხვა ალტერნატივისგან, მითუმეტეს, კანონის დარღვევისგან თავი შორს დაიჭირონ.

ახლაც და მომავალშიც, აუცილებლად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება, რომ უმაღლესი განათლების, პროფესიული ან სხვა განათლების დამადასტურებელი საბუთები გააყალბოს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ბრალდებულები დიპლომების სანაცვლოდ მოქალაქეებს 3500 აშშ დოლარს სთხოვდნენ. მათი დაკავება თანხის გადაცემის დროს მოხდა.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის პოლიციამ 29 ნოემბერს საქართველოს 50 მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიათამარ ხულორდავა: ევროკავშირში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს აღიარებენ