ივანიშვილმა “რესპუბლიკელები” შეინარჩუნა

“ივანიშვილი დღეს ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას აძლევს ხელს”

RESP-KVIRIKA

 

პრემიერის გამაფრთხილებელი განცხადების გამო პრემიერსა და “რესპუბლიკელებს” შორის საგანგებოდ ჩანიშნული შეხვედრა შედგა და ახალი არაფერი თქმულა – კოალიცია ისევ ერთიანია – არც თინა ხიდაშელი ტოვებს მინისტრობას, არც “რესპუბლიკელები” კოალიციას და დიდი ალბათობით გოგი თოფაძეც მათ თანაგუნდელად რჩება.

ამ შეხვედრით განიმუხტა თუ არა პრემიერის განცხადების გამო “რესპუბლიკელებში” დაძაბული სიტუაცია და მიიღეს თუ არა მათ ამომწურავი პასუხი მთავრობის მეთაურისგან, ამაზე ღიად არავინ საუბრობს. თინა ხიდაშელმა და დავით ბერძენიშვილმა კანცელარია უკომენტაროდ დატოვეს. მედიასთან არ გამოსულა არც პრემიერი.დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრა კონსტრუქციული იყო და “რესპუბლიკელები” და პარტია “ქართული ოცნება” სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან, თუმცა უსუფაშვილს არ დაუკონკრეტებია რამე ცვლილებას გულისხმობს თუ არა ეს სტრატეგიული პარტნიორობა. უსუფაშვილის განცხადებით, შეხვერაზე საუბარი არ ყოფილა საარჩევნო კვოტებზე და ხიდაშელის ან აგულაშვილის მიერ მთავრობის დატოვებაზე. რაც შეეხება “მრეწველებს”, უსუფაშვილის განცხადებით, მათზე კოემენტარს პრემიერი გააკეთებს.

პოლიტოლოგების თვალსაზრისით, ის, რომ ამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ახალი არაფერი ითქმებოდა, ეს თავიდანვე პროგნოზირებად იყო იმის გამო, რომ კოალიციიდან ამ დაპირისპირების ფონზე ვინმეს გაშვება წამგებიანია და არც კვირიკაშვილს და არც “რესპუბლიკელებს” ეს არ სურთ.

კვირიკაშვილს იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ ისედაც რეიტინგდაცემულ მმართველ გუნდს დაშლა დიდ ზიანს აყენებს, ხოლო “რესპუბლიკელებს” იმის გამო, რომ ცალკე კენჭისყრით პარლამენტში მოსვლის შანსი თითქმის არ აქვთ.

ეს შეხვედრა “რესპუბლიკელებისთვის” მხოლოდ პოლიტტექნოლოგიური ნაბიჯი იყო სახის შესანარჩუნებლად, კვირიკაშვილის მიერ დილით გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ, სადაც პრემიერი თინა ხიდაშელს თოფაძესთან დაპირისპირებაში ღიად ჩართვის გამო აკრიტიკებდა და ირიბად თანამდებობიდან გაშვებითაც კი დაემუქრა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ დილით გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ კოალიციაში დაპირისპირებამ მიუღებელი ფორმა მიიღო, რის გამოც მან როგორც გოგი თოფაძე, ისე თინა ხიდაშელი გააკრიტიკა, თუმცა განსაკუთრებით ხიდაშელი.

გიორგი კვირიკაშვილის “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები და ასევე კოალიციის წევრების მხრიდან თავდაცვის მინისტრის მისამართით საჯარო ბრალდებები, თუმცა ასევე ხაზგასმული იყო ის, რომ თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და “სწორედ სტატუსიდან გამომდინარე მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა”.

“დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული”, – ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელიც სრულდებოდა მოწოდებით, რომ “ქართული ოცნება” მზად არის, ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც შეძლებს, დაძლიოს ვიწროპარტიული და ჯგუფური ინტერესები და რომ ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით უნდა განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს, “რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”.

სწორედ განცხადების ასეთმა აქცენტმა დაძაბა სიტუაცია “რესპუბლიკელებში”. როგორც პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, “მოულოდნელად შექმნილ სიტუაციაში სიცხადის შესატანად” მათ პრემიერთან საგანგებოდ შეხვედრა ჩანიშნეს. მათ შეკითხვები აქვთ და მხოლოდ შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ შეფასებებს. შეხვედრა კი 9 საათზე მთავრობის კანცელარიაში შედგა, სადაც თავდაცვის მინისტრიც იყო მისული.

“რესპუბლიკელებისგან” განსხვავებით “მრეწველები” პრემიერის მიმართვით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და ფრაქციის თავმჯდომარე გოგი თოფაძეც კი, რომელიც ჟურნალისტებს ხშირ შემთხვევაში უხეშად იშორებს ხოლმე, გუშინ ყველას მოკლედ პასუხობდა, რომ ძალიან სწორი და დიპლომატიური განცხადება გაკეთდა და მალე, როდესაც იქნება პოლიტსაბჭოს სხდომა, იქ გამოჩნდება, ვინ არის მართალი და ვინ – დამნაშავე.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პრემიერმა მინიშნება გააკეთა, როგორც თინა ხიდაშელის შესაძლო გადაყენებაზე, ასევე თოფაძის კოალიციიდან გაშვებაზეც, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაპირისპირებას გააგრძელებენ. ძაბირაძე თვლის, რომ წინასაარჩევნოდ ვინმეს ასე სკანდალურად გაშვება ისედაც რეიტინგდაცემულ კოალიციას ძალიან დიდი ზიანს მოუტანს და ამიტომაც მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილი ორივე ძალის შენარჩუნებას ბოლომდე შეეცდება.

“ეს განცხადება ცოტა უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო და პოლიტიკური საბჭოც უნდა შეკრებილიყო, რადგან არ შეიძლება ასეთი პრობლემის გადადება. განცხადება ზედმეტი რადიკალიზმისგან დაცლილია და მიმართულია იქითკენ, რომ პრობლემა კოალიციის ფარგლებში მოგვარდეს და კოალიციამ ერთობა შეინარჩუნოს”, – ამბობს ძაბირაძე.

მისი თქმით, რაც ხდება, ეს არ არის მხოლოდ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის დაპირისპირება, ეს ვნებს კოალიციასაც და ხელისუფლებასაც და, უპირველესად, ეს უნდა იყოს გააზრებული. თუ “ქართული ოცნება” თვლის, რომ არჩევნები უნდა მოიგოს, მაშინ კოალიციის დაშლაზე ფიქრი გვიანია.

ვახტანგ ძაბირაძე: “არც ერთ მხარეს არავინ ეხვეწება, რომ ჩახუტებულებმა იარონ, მაგრამ ორივე მხარეს აქვს ვალდებულება საზოგადოების წინაშე, მით უმეტეს პრემიერს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა უზრუნველყოს და თუკი ამას ვერ ხვდებიან, მაშინ იძულებული იქნება გამოვიდეს პრემიერი და თქვას, რომ ერთიანობა არ გამოვიდა.

ყველას კარგად ესმის, რომ ახლა ხიდაშელის გადაყენება, თუნდაც დროებით, ან “რესპუბლიკელების” გასვლა კოალიციიდან, არასწორი იქნებოდა. კონფლიქტი უნდა ამოიწუროს. ერთ კოალიციაში “მრეწველების” და “რესპუბლიკელების” დარჩენაში პრობლემას ვერ ვხედავ. თოფაძის წასვლაც კი ამ ეტაპზე არ იქნება კოალიციისთვის სწორი. თუკი ვთანხმდებით იმაში, რომ კოალიციის დაშლა ხელს აძლევს ოპოზიციას, მაშინ თოფაძის ახლა წასვლაც კოალიციის დაშლად გამოცხადდება.

როგორც უნდა რთული იყოს, პოლიტიკური საბჭო უნდა შეიკრიბოს და საბოლოო პოზიცია დაფიქსირდეს. ყველა ელოდება, რომ საკითხს ვიღაც გადაწყვეტს, ეს ვიღაც ან კვირიკაშვილი უნდა იყოს, რომელმაც განცხადება გააკეთა, ან უფრო მეტი – ივანიშვილი. რეალურად ივანიშვილი დღეს ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას და მას უნდა თუ არა ჩარევა, მაინც მოუწევს. საბოლოოდაც ყველაფერი ისე იქნება, როგორც ივანიშვილს აძლევს ხელს”.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ კვირიკაშვილის განცხადების ტონი ძალიან დაბალანსებული იყო, რაც იმას მიანიშნებს, რომ მისი მთავარი სტრატეგია იმიჯკონტროლია, ანუ ის, რომ არჩევნებამდე ნაკლები ზარალით მივიდნენ და შეინარჩუნონ ყველა – თოფაძეც, ხიდაშელიც, “რესპუბლიკელებიც” და “მრეწველებიც”.

ამბობს, რომ საარჩევნო პროცესის წინ რომელიმე ძალის გაშვება ამომრჩევლის თვალში ბლოკის იმიჯზე ცუდად აისახება. ამიტომ არის მცდელობა, რომ არავინ გაუშვან. კვირიკაშვილის განცხადებაც მკაცრი გაფრთხილება იყო იმაზე, რომ თუკი საერთო ენის გამონახვას ვერ მოახერხებენ, მზად იქნებოდა ერთ-ერთ მათგანს შელეოდა.

“ქართული ოცნება” საკმაოდ ეკლექტური ბლოკია და ამომრჩეველიც ასეთი ჰყავს – პროდასავლურიც, პრორუსულიც და ნაციონალისტური იდეოლოგიისაც. ეს კოალიციაში იციან და ამიტომაც მათ სჭირდებათ პროდასავლურ პარტიად აღქმული “რესპუბლიკელებიც” და ასევე რუსეთთან სიახლოვეზე მოლაპარაკე “მრეწველებიც”. “მრეწველების” თუ თოფაძის გაშვება ცუდი სიგნალი იქნება ამ მეორე სეგმენტისთვის და ხმები ინაშვილის პარტიისკენ წავა.

“დღეს სწორედ თოფაძეა ამ სეგმენტების სურვილების გამხმოვანებელი და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ერთიანობა შენარჩუნდება, თოფაძე კი მომავალ სიაში არ იქნება და კოალიცია თვლის, რომ პრობლემა არ იქნება. ახლა საუბარია იმაზე, რომ თოფაძე ისე გაუშვან, სახე შეუნარჩუნდეს”, – მიიჩნევს კაკაჩია.

მისი თქმით, პრემიერის განცხადებამ “რესპუბლიკელების” წინაშე გარკვეული დილემა დააყენა. რადგან თუ “რესპუბლიკელები” ამბობენ, რომ თოფაძესთან იდეოლოგიური დაპირისპირება აქვთ და თოფაძე ისევ კოალიციაში რჩება, მაშინ არჩევანი ორ რამეს შორისაა გასაკეთებელი – ან ფასეულობები და აქიდან გამომდინარე კოალიციიდან გასვლა; ან უფრო პრაგმატული გადაწყვეტილება და რადგან ცალკე გასვლით პარლამენტში მოხვედრის შანსი მინიმალური აქვთ, აქიდან გამომდინარე ბლოკში დარჩენა.

კაკაჩია აცხადებს, რომ “რესპუბლიკელებმა” არჩევანი პრაგმატული კუთხით გააკეთეს და კოალიციაში დარჩენა და სტაბილურობა არჩიეს, რაც პროგნოზირებადი იყო.

წყარო:”რეზონანსი

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კონგრესში ობამას სურვილი, გაანადგუროს ისლამური სახელმწიფო, არასერიოზულად მიიღეს
შემდეგი სტატიარესპუბლიკელების ნაწილი რესპუბლიკელი ტრამპის წინააღმდეგ დემოკრატ კლინტონს დაუჭერს მხარს