ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხალხის მიერ არჩეული მერი/გამგებელი დამატებით თავის ტკივილს შექმნის მომავალში – კეკენაძე

,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე ,,ქართულ ოცნებას“ ქვეყნის ინსტიტუტების ნგრევასა და ძალაუფლების სრულად საკუთარ ხელში კონცენტრირებაში ადანაშაულებს. პარტიის გენერალური მდივნის განმარტებით ,,ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ინსტიტუტის შემდეგ ჯერ კიდევ ჩანასახში არსებულ თვითმმართველობის ინსტიტუტს უტევს.

თამარ კეკენაძე ცინიზმს უწოდებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს არგუმენტს, რომლის მიხედვით გაყოფილ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ნდობა თვითმმართველობისადმი და მათი ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში, არსებითად არ შეცვლილა და მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები.

,,რა თქმა უნდა არ არსებობს არანაირი ნდობა, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართული ოცნება დღეს თვითმმართველობებს მართავს სუსის მეშვეობით და ყველა ადგილობირივი საკადრო თუ სხვა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ სუსის ნებართვით. ბიუჯეტი ვეღარ წვდება წლების განმავლობაში გაბერილ შტატებს. ადგილობრივებმა იციან, რომ თვითმმართველ ორგანოებში ადამიანები ინიშნებიან არა პროფესიული ნიშნით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით.

როგორც ჩანს თვითმმართველობის არჩევნების წინ ,,ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალეს, რომ ხალხის მიერ არჩეული მერი/გამგებელი დამატებით თავის ტკივილის შეუქმნით მომავალში, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც მოსახლეობა უფრო და უფრო იმედგაცრუებულია მორიგი ტყუილი დაპირებებით და ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევენების შემდეგ საგრძნობლად დაეცა.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფულება ზრუნავდეს, როგორმე დააჩქაროს თვითმართველობის რეფორმა, მოხდეს სრული დეცენტრალიზაცია, ხელი შეუწყოს ადგილებზე ანგარიშვალდებულების გაზრდას და დემოკრატიული მმართველობის სტანდარტის შექმნას, ,,ქართული ოცნება“ აპირებს დაანგრიოს ჯერ კიდევ ჩანასახში არსებული თვითმმართველობის სისტემა და უკვე მერამდენეჯერ შეაფერხოს ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და სწრაფი ეკონომიკური წინსვლისათვის, აუცილებელია მოხდეს რეალური დეცენტრალიზაცია: ,, უფრო მეტი შემოსავალი უნდა დავუტოვოთ თვითმმართველობებს, უნდა წახალისდეს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობა, ხოლო თუ გვინდა თანხების დაზოგვა, უნდა გაუქმდეს გუბერნატორების ინსტიტუტი, რომლის ერთადერთი ფუნქციაა ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულება ადგილზე“, განაცხადა თამარ კეკენაძემ.

banner
წინა სტატიაშიქუმსიშვილი: პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ კარგად მივდივართ
შემდეგი სტატიასენატის კომისია ტრამპის კამპანიაში რუსეთის როლს იკვლევს