ივანიშვილი პრეზიდენტად, გახარია პრემიერ-მინისტრად

რაც უფრო ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მით უფრო იძაბება სიტუაცია. პარტიები ემზადებიან და პარტიები ცდილობენ ლამის ნულს გათანაბრებული რეიტინგი როგორმე აწიონ.

ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ხელისუფლებაა. ხელისუფლება, რომელმაც  საზოგადოებისათვის მიცემული მთავარი დაპირება –  სამართლიანობის აღდგენა – ე.წ. კოაბიტაციით ჩაანაცვლა, დღეს დიდი გასაჭირის პირისპირ დგას. ამომრჩეველს არ ავიწყდება მთავარი ფაქტორი – კოაბიტაცია საქართველოს მოსახლეობამ დაგვავალა. მერე რა რომ ამ „საუკუნის გამოთქმის“ ავტორი დღეს „ქართულ ოცნებას“ აღარ წარმოადგენს, ამომრჩეველს ეს ნაკლებად აღელვებს. ამომრჩევლისთვის 2012 წელს და 2012 წლიდან დღემდე მთავარი იყო სამართლიანობა და რეჟიმის კანონის ფარგლებში გასამართლება. „ქართულმა ოცნებამ“ კი მოახერხა და ის პარტია, რომელიც არჩევნებამდე ფაშისტურ დაჯგუფებად „მონათლა“, პარტია, რომლის გასამართლებასაც და აკრძალვასაც მხოლოდ ე.წ. კასრებში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერები სავსებით ეყოფოდა, პარლამენტში შეიყვანა და მთავარ ოპოზიციურ პარტიადაც გამოაცხადა, ეს „პროცედურა“ კი ისევ ხალხს გადააბრალა – არჩევანი თქვენ გააკეთეთ, ჩვენ არაფერ შუაში არა ვართო.

„სამართალმა პური უნდა ჭამოს“, – ეს იყო 2012 წლის შემდგომი პერიოდის მთავარი მოლოდინი. რეალურად კი მივიღეთ საპირისპირო. მეტიც, ხელისუფლება ყოველი ჩავარდნის შემდეგ ხელს ნაციონალურ მოძრაობისკენ იშვერს და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ მიერვე „მთავარ ოპოზიციურ ძალად“ აღიარებულ ნაცმოძრაობას „ქუჩურად ურჩევს საქმეს“ – „ძმრად ადენს“ „იმ ცხრაწლიან პერიოდს“, რომელიც თურმე ცუდი ყოფილა, მაგრამ ამ ცუდი პერიოდისთვის პასუხი არავის მოსთხოვა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. საზოგადოებამ დღეს უკვე კარგად იცის, ვანო მერაბიშვილს და ბაჩანა ახალაიას თავად რომ არ ჰქონოდათ ციხეში ჯდომის სურვილი, კეზერაშვილის, ადეიშვილის, კოდუას და სხვათა მსგავსად ისინიც საზღვარგარეთ იქნებოდნენ და ისე, როგორც, მაგალითად, დათა ახალაიას ვერ „შეაჭრეს ფრთები“ ვერც მერაბიშვილს, ბაჩანა ახალაიას ან თუნდაც ონიანს, ვერაფერს უზამდნენ.

ეს მოცემულობაა და როგორც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება რეალობას გაექცეს, არ გამოუვა. ხელისუფლებამ ისიც მოახერხა და საქართველოდან ზარ-ზეიმით გაუშვა სააკაშვილი, ამის შემდეგ კი „ტირანად მონათლულის“ მიმართ სასაცილო ბრალდებით გამოაცხადა ძებნა.

2012 წლის შემდეგ ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო, რომ  ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა და თავისი მუდმივი ამომრჩეველი საქართველოს შიგნით თუ გარეთ შეინარჩუნა. ის 18 თუ 20%-ი არჩევნებზე ყოველთვის მიდის, დანარჩენი 80%-იდან 50%-ი არჩევნებზე არ მიდის. ეს აჩვენა საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც ძლივს შედგა, თუმცა ექსპერტების დიდი ნაწილი თვლის რომ საპარლამენტო არჩევნები ფაქტიურად ჩავარდა – მოსახლეობა არჩევნებზე არ გამოცხადდა. მთავარმა „მუქარამ“ – თუ არჩევნებზე არ მოხვალთ ნაცები გავლენ და ხელისუფლებაში მოვლენ, მხოლოდ მოსახლეობის 35%-ზე გაჭრა და ისიც ყველა „ოცნების“ მეოცნებე არ ყოფილა.

დღეს სხვა მდგომარეობაა, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ხალხს „მუქარით“ ვეღარ გამოიყვანს სახლებიდან. ხელისუფლებაში ისიც იციან, რომ ვინც მივა საარჩევნო ყუთთან, მაინდამაინც „მეოცნებე“ არ იქნება, არადა, ნაციონალურ მოძრაობას თავისი გარანტირებული 18 თუ 20%-ი ჯიბეში უდევს.

გამოსავალი თავად ბიძინა ივანიშვილმა იპოვა. მან 2011 წელს, პოლიტიკაში მოსვლისთანავე მოახერხა და ქართული პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი „ჩარეცხა“, ამიტომაა რომ დღეს ეს პარტიები წყლიდან ნაპირზე დაყრილი და მიტოვებული თევზებივით რომ ფართხალებენ. ივანიშვილმა მოახერხა და ხალხს დააჯერა რომ „ჩარეცხილი“ პარტიებიდან „ქართულ ოცნებაში“ გადმოყვანილი ცალკეული პირები, ქვეყნის ამყვავებლები იქნებოდნენ და მაგალითად თუ ირაკლი ოქრუაშვილი „ცუდი ბიჭია“, მისი პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი „კარგი ბიჭია“, ხოლო ოქრუაშვილის პარტიის დაბალი რანგის „ტიპები“, მაგალითად ისეთი, როგორებიც იყვნენ „გრეჩიხა“, გუნცაძე და კიდევ რამდენიმე, „დასაკარგი კადრი არაა“. ნინო ბურჯანაძე „ცუდი გოგოა“, მაგრამ მისი ზოგიერთი თანაპარტიელი „ძალიან კარგია“ და ა.შ. ამ მიდგომით ივანიშვილმა ფაქტიურად ხალხს არჩევანი აღარ დაუტოვა. დღეს მოცემულობაა: ერთ მხარეს დგას ნაცმოძრაობა, თავისი მუდმივი ამომრჩევლებითურთ და მეორე მხარეს ხელისუფლება, რომელიც 2012 წლიდან დღემდე „ბუას“ „სისხლით“ „იკვებება“ და „ბუას სისხლით“ გადის ფონს.

სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე, გამოსავალი ბიძინა ივანიშვილის ე.წ. მეორედ მოსვლაში გამოინახა. ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და ერთი სიტყვითაც არ აუხსნა მოსახლეობას რამ განაპირობა ეს. საქმე ისაა, რომ პოლიტიკიდან წასვლის წინ ივანიშვილმა განაცხადა, პოლიტიკაში დავბრუნდები იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა თავზე დაგვემხობა, მაგრამ ისეთ გუნდს გიტოვებთ ეს გამორიცხულიაო. დაბრუნდა და პასუხგაუცემელ კითხვად დატოვა დაბრუნების მიზეზი. ივანიშვილის ისევ პოლიტიკაში გამოჩენამ ხალხს იმედი ჩაუსახა, გაჩნდა ე.წ. წმენდის მოლოდინი, რომელიც ივანიშვილმა პირველსავე ნაბიჯზე გააქარწყლა. მან „ოცნების“ „ღუმელს“ რამდენიმე მეტ-ნაკლებად ანგაჟირებული სახე ჩამოაშორა, მაგრამ ნაციონალებთან „გადაფსკვნილი“ დეპუტატები თუ სხვა სახელმწიფო მოხელეები, ისევ გვერდით დაიყენა. არადა, მოსახლეობა ფიქრობდა, რომ ივანიშვილი გზიდან ჩამოიცილებდა იმ ადამიანებს, მაგალითად ვთქვათ, ვინც სახალხო დამცველის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. საყოველთაოდ ცნობილია ლომჯარიას, ჩუგოშვილის და სხვათა მიმართ ივანიშვილის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც მას არც დაუმალავს. მოხდა პირიქით, ლომჯარიას მხარდამჭერი დეპუტატებიდან ერთთან, ჟორჟოლიანთან, ივანიშვილს განსაკუთრებული მიდგომა აქვს, მდინარაძე და ძმანნი მისნი კი, როგორც ირკვევა ხელუხლებლობის იმუნიტეტით „დაიბადნენ“ „ქართული ოცნების“ წიაღში.

ახლა, ამ ეტაპზე, ამ „აბრაკა-დაბრაკადან“ „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს ერთადერთი გამოსავალი დარჩა – საპრეზიდენტო კანდიდატად ივანიშვილის წარდგენა. როგორც ამბობენ, სწორედ ეს საკითხი განიხილება პარტიაში, თუმცა ივანიშვილმა ჯერ თავისი „ღია ფანჯარა“ უნდა ამოქოლოს. ის არჩევანის წინაშე დგას – ან საფრანგეთის მოქალაქეობას უნდა გამოესალმოს და იყაროს კენჭი საქართველოს პრეზიდენტის სავარძლის მოსაპოვებლად (ორმაგი მოქალაქეობა ამ პროცესს ხელს უშლის), ან მოძებნოს ვინმე, ვისაც ასე თუ ისე, ჯერ კიდევ აქვს რეიტინგი. ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი დრეს „ქართული ოცნებიდან“ და სრულიად პოლიტიკური სპექტრიდან არავის აქვს. ხალხი მას ჯერ კიდევ ენდობა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პოლიტიკურ ჭრილში უამრავი შეცდომის მიუხედავად ხალხს ივანიშვილის სჯერა. ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს და უცებ დაივიწყეს, რომ სინამდვილეში კოაბიტაცია ივანიშვილის იდეაა, რომ ესეც:  „გვიპრდებით, რომ მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე იქნება ძალიან კარგი, მეოთხეზე კი ჭეშმარიტად უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია. დღეს ამას ვერ ვიგრძნობთ,  მაგრამ ძალიან კარგი საფუძველი ჩავუყარეთ იმას, რომ ინვესტიციები რეალურად შემოვიდეს და პოლიტიკოსებმაც გაიგონ, როგორი ხელისუფლება მოვიდა. მოვიდა სამართლიანი და ევროპული ტიპის ხელისუფლება. აი, ეს პრეტენზია გვაქვს ჩვენ და ამას ვაჩვენებთ საქართველოსაც და მსოფლიოსაც”, – ბლეფი იყო.

ხალხი თვლის რომ ივანიშვილის პოლიტიკურ გამარჯვებას ხელი „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა ცალკეულმა პირებმა თუ პარტიულმა დაჯგუფებებმა შეუშალა, თითქოს ისინი ივანიშვილის ხელდასმულნი არ ყოფილიყვნენ. ერთადერთი, რაც ივანიშვილს ძალიან კარგად გამოსდის, ქველმოქმედებაა. ოპონენტებმა რაც არ უნდა თქვან, ის მართლა აშენებს, აკეთებს, გასცემს, მაგრამ ეს პოლიტიკა არაა. პოლიტიკა ისაა, რა მოცემულობაშიც დღეს ვართ – გაურკვეველი და აბურდული.

მოკლედ, საკითხი დღეს „ქართულ ოცნებაში“ დგას ასე – პრეზიდენტად ივანიშვილი, პრემიერ-მინისრტად გახარია. როგორც ამბობენ გადაწყვეტილია ქუმსიშვილის ბედი, ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოეთხოვება „დიდ ავიაციას“, ისე, როგორც მაგალითად, ინფრასტრუქტურის მინისტრი ალავიძე (რომელიც ნაცების უახლოესი გარემოცვა იყო) და ან სახლში, ან ბიზნესში, ან უკეთეს შემთხვევაში „სასწავლებლად წავა“, – ყველა ვარიანტში პარაშუტით. მას არავინ მოსთხოვს პასუხს, ისე, როგორც ალავიძეს არ მოსთხოვეს, მიუხედავად სერიოზული ბრალდებებისა.

 

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე : აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება