“ივანიშვილი 2012 წელს გვიმტკიცებდა, რომ დენის ტარიფიდან სააკაშვილი იპარავს 1 ლარს… მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ კი ეს ტარიფი იმატებს” – კუკავა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა დამოუკიდებელი აუდიტის დანიშვნას და ყოველ კილოვატ საათზე გაწეული დანახარჯის დათვლას ითხოვს. მისი თქმით, დღევანდელი “სემეკის” სხდომა იყო მთლიანად ცინიზმი და საპირისპირო იმ განცხადების, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნოდ აკეთებდა დენის ტარიფის გაიაფებასთან დაკავშირებით.

„ეს არის უმაღლესი ცინიზმი გამომდინარე იქიდან, რომ დღეს გვეუბნებიან, რომ ეს ტარიფი შეამოწმეს კვალიფიციურმა ფინანსისტებმა, თუმცა ჩვენ კარგად გვახსოვს ერთი კვალიფიციური ფინანსისტი, რომელიც “ფორბსის” სიაში არის შეტანილი თავისი 8 მილიარდით, რომელიც 2012 წელს გვიმტკიცებდა, რომ ამ ტარიფიდან მიხეილ სააკაშვილი იპარავს 1 ლარს და ნაცვლად იმისა, რომ ეს ტარიფი დაკლებულიყო მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ეს ტარიფი იმატებს. ჩვენ უნდა დავნიშნოთ დამოუკიდებელი აუდიტი, რომელიც დაადგენს რამდენი არის ყოველ კილოვატ საათზე გაწეული რეალური დანახარჯი და რამდენს იდებს ჯიბეში ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები,“ – განაცხადა კახა კუკავამ.

“სემეკის” დღევანდელი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ელექტრო სისტემისთვის დენის გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ტარიფი გაიზარდა. დღესვე მარეგულირებელმა ტარიფები დაუდგინა „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ 5 ჰიდროს სადგურს, რომელთაგან 4-ს ტარიფი გაუზარდა. “სემეკში” ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, რა გავლენას მოახდენს ეს სამომხმარებლო ტარიფზე.

banner
წინა სტატიაში“სემეკმა” „ენერგო პრო ჯორჯიას“ 5 ჰიდრო სადგურიდან 4-ს ტარიფი გაუზარდა
შემდეგი სტატია”ნაციონალური მოძრაობა“ შს სამინისტროს მოუწოდებს, მესტიაში მათი პარტიის წევრის მკვლელობის ფაქტი დროულად გამოიძიოს