იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე პირველ საკითხად მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დაბარება განიხილეს, რამაც საბჭოს წევრებს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

სხდომაზე ურთმელიძის განცხადებაც წაიკითხეს, სადაც ის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზებს განმარტავდა.

დაპირისპირება კი “მოსამართლეთა ერთობის” თავმჯდომარის, მაია ბაქრაძის განცხადებას მოჰყვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან თევზაძის გაღიზიანება მაია ბაქრაძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსამართლე ურთმელიძის მოწვევა-არმოწვევაზე მსჯელობაში დადებითი მხოლოდ ის არის, რომ საბჭომ მოსამართლეთა დაცვის კუთხით გამოიღვიძა. თევზაძემ აღნიშნა, რომ მაია ბაქრაძე საბჭოს მოსამართლეთა დაცვას ვერ ასწავლის და მისი თქმით, მასტერკლასებს ჩაუტარებს ამ კუთხით “მოსამართლეთა ერთობის” თავმჯდომარეს. ამის შემდეგ თევზაძემ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მიმართა, რომ ხელები გაეჩერებინა, რასაც ხმაური მოჰყვა.

მაია ბაქრაძეს, რომელიც “მოსამართლეთა ერთობის” თავმჯდომარის სტატუსით ესწრება სდომას, დამატებითი განმარტების გაკეთება მოუხდა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ადვოკატები ერთმანეთის დასაცავად ფეხზე დგანან, ასევე მჭიდრო სოლიდარობაა მედიის წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთისადმი, ბაქრაძის თქმით, იგივე უნდა მოხდეს მოსამართლეების დაცვის კუთხით. ბაქრაძის თქმით, მისი განცხადება არ ეხებოდა მხოლოდ თამაზ ურთმელიძეს და თითოეული მოსამართლის დაცვა უნდა მოხდეს, როგორც საბჭოს, ასევე სხვა მოსამართლეების მხრიდან, რის შემდეგაც დაპირისპირება მალევე ამოიწურა.

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიროგორ იქცევა მთავრობა კატასტროფების დროს – სემინარი ჟურნალისტებისთვის
შემდეგი სტატია“ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება ურთმელიძის დაბარებასთან დაკავშირებით, კანონს ეწინააღმდეგება”