იუსტიციის მინისტრი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოების მინისტრებს ხვდება

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა სხდომათა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი

თეა წულუკიანმა, რომელიც „OGP“-ის აღმასრულებელ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს, ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში წევრი ქვეყნების იმ მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს, რომლებიც „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ.

კანადის ფინანსთა და შესყიდვების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დღეს იუსტიციის მინისტრი საფრანგეთისა და იტალიის მთავრობის წევრებს ნიუ-იორკში შეხვდა. საფრანგეთის ციფრულ საკითხთა მინისტრმა მუნირ მანჯუბიმ და იტალიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრმა მარიანა მადიამ თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელს საკუთარი შეხედულებები და სურვილები გაუზიარეს.

ამასთან, თეა წულუკიანმა კოლეგა მინისტრებს ის რეფორმები გააცნო, რომელთაც საქართველო ახორციელებს და რომელთა შედეგადაც ჩვენი ქვეყანა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე გახდა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შეხვედრა ემსახურებოდა მიზანს, თუ როგორ უნდა იმუშაონ მთავრობებმა, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სიკეთე ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისათვის.

„ჩვენ იტალიას ვუზიარებთ სოფლად სერვისების მიწოდების გამოცდილებას, რომელიც საუკეთესოდ ხდება საზოგადოებრივ ცენტრებში; ასევე, ელექტრონული სერვისების მიწოდების გამოცდილებას, ბიზნესსახლის იდეას და სხვა; საფრანგეთს კი აინტერესებს ელექტრონული მონაცემების ერთიანობა და რეფორმებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები. ცხადია, ამ და სხვა ქვეყნებიდან ჩვენ გავიზიარებთ იმ გამოცდილებას, რაც მათ უკვე დანერგილი და განვითარებული აქვთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის თავმჯდომარეობა, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველომ გუშინ გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარეა. „OGP“-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP“-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ღონისძიებაში მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „OGP“-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს.

საქართველო „OGP“-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. „OGP“-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან „გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის“ ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა იქნება.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. სწორედ იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

banner
წინა სტატიაშიმორიგი მიწისძვრა იაპონიაში
შემდეგი სტატიანიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა სუამი-იაპონიის მინისტერიალი