ისურვებდი, პრემიერმა მეტი ყურადღება მიაქციოს, რა ხდება თავდაცვის სამინისტროში – როგორც ჩანს, ლევან იზორიას ნერვებმა უმტყუნა

ლევან იზორია, როგორც ჩანს, ჯერ ვერ გაერკვა სად არის და რომელი უწყების ხელმძღვანელია, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.

თინა ხიდაშელი გონიოში დაკარგულ სამხედროებთან დაკავშირებულ საქმეზე ლევან იზორიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ჩვენ ქვეყანაში თურმე არ გვყავს სერტიფიცირებული სამხედროები, რომლებსაც მსგავსი ტიპის წვრთნების ჩატარება არ შეუძლიათ.

”საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ალბათ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უწყებაა, ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორით, საერთაშორისო განათლების მქონე ოფიცრებით. ლევან იზორია, როგორც ჩანს, ვერ ერკვევა სად არის, რომელი უწყების ხელმძღვანელია და რაღაც სხვა სამინისტროში ერევა იქაურობა. რაც შეეხება ინსტრუქციებს, მე არ ვიცი ამ შემთხვევაში ზუსტად რაზეა საუბარი, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხართ, რომ გენშტაბში ძალიან ბევრი ე.წ. სტანდარტული საოპერაციო სახელმძღვანელო დოკუმენტები და დოქტრინები არ არის შემუშავებული. ძალიან ბევრი ისეთი დოკუმენტი არ არის გენშტაბის მიერ დამტკიცებული, რომელიც ბევრი წელია უნდა არსებობდეს. ეს გახდა კიდევაც იმის მიზეზი, რომ მე პირადად მაშინ მოვითხოვე რამდენიმე ადამიანის თანამდებობრივი დაქვეითება და ჩამოშორება”, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ის განცხადებები, რომელიც ბოლო 2 კვირაა თავდაცვის მინისტრისგან ისმის, შეურაცხმყოფელია საქართველოს შეირაღებული ძალებისთვის.

”ამ ადამიანმა გაბედა და თქვა, რომ საქართველოს შეირაღებულ ძალებში მასობრივი დანაშაული იყო თურმე ჩადენილი. როგორც ჩანს, მას არ ესმის ამ ტერმინის მნიშვნელობა და ხარისხის, რომლითაც შეურაცხყოფას აყენებს შეირაღებულ ძალებს. არც მასობრივ დანაშაულს სჩადის ჩვენი ჯარი და ინსტრუქტორებიც კარგი გვყავს”, განმარტა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, არ აყენებს ლევან იზორიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს და ფიქრობს, რომ თუ ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი 8 ოქტომბრამდე ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

”თუმცა, ვისურვებდი, რომ ნაკლები დანგრევა მოასწროს მან და ვისურვებდი საქართველოს პრემიერმა მეტი ყურადღება მიაქციოს, რა ხდება თავდაცვის სამინისტროში ბოლო 2 კვირის განმავლობაში. როგორც ჩანს, ლევან იზორიას ნერვებმა უმტყუნა. მე როგორც მითხრეს ჟურნალისტებმა, ჩემსკენ გამოიშვირა ხელი. მე ნამდვილად არ ვაპირებ ენის მოჩლექვით ველაპარაკო. აუცილებლად, მომავალ კვირას საჯარო განცხადებას გავაკეთებ იმ ძალიან ბევრ უკანონობაზე, იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ვნებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას”, -აღნიშნა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიჯემალ სეფიაშვილმა თამაზ მეჭიაურის პარტია დატოვა
შემდეგი სტატიარას ბჟუტურებს რომან გოცირიძე? „მადლიერმა“ ქართველმა ხალხმა მას შეარქვა „ალ კუპონე“ და კუპონებს – „გოცირიკები“