ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მოვაჭრეები ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის შესწავლის პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვენ

ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე არიან შეკრებილი.

ისინი დამწვარი პერიმეტრის შესწავლის პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვენ. ადგილზე იმყოფება დაზარალებულთა მიერ შერჩეული კერძო ექსპერტიც, თუმცა ის ამ მომენტისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ვერ ახერხებს.

ექსპერტის განცხადებით, დამწვარ პერიმეტრზე შესვლის უფლება გამომძიებელმა არ მისცა, ვინაიდან, მისივე განმარტებით, საგამოძიებო სამუშაოები ჯერ შსს-ს ექსპერტიზამ უნდა აწარმოოს. აღნიშნული უწყების ექსპერტი კი ადგილზე ჯერჯერობით არ მისულა.

რაც შეეხება დაზარალებულების პოზიციას, როგორც ბაზრობის ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ემზარ ლეთოდიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში კერძო ექსპერტის ჩართვა იმიტომ მოითხოვეს, რომ რეალურად დადგინდეს, რამ გამოიწვია 24 აგვისტოს მეორადი ავტომობილების ბაზრობაზე ძლიერი ხანძარი.

”მოლაპარაკება ასეთი იყო, რომ 10:00 საათზე უნდა მოსულიყო შსს-ს ექსპერტი და მათთან ერთად ჩვენიც უნდა მოსულიყო. ჩვენი მოვიდა, ისინი არ ჩანან. ვაპირებთ შესვლას ტერიტორიაზე, თუმცა გვითხრეს, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე ვერ შევალთ. შემდეგ ექსპერტიზას ჩვენი ექსპერტი ჩაატარებს. ველოდებით ადვოკატს. გავარკვევთ იმას, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მათი ნდობა არ შეიძლება იმიტომ, რომ შარშანწინ რაც მოხდა, იმ საქმეზე საქაღალდე თაროზეა შემოდებული და არავითარი რეაგირება არ მომხდარა”, – განაცხადა ემზარ ლეთოდიანმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, საქმეში ადვოკატის ჩართვის შემთხვევაში აპირებენ გამოძიებისთვის მიმართონ პროკურატურას და სარჩელი სასამართლოშიც შეიტანონ.

banner
წინა სტატიაშირაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა
შემდეგი სტატიაბორჯომის ხეობაში ნაპოვნი ბოთლის ნამსხვრევები – დავით ქაცარავა ბორჯომის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს