ისნის გამგებელი – შევხვდებით დაზარალებულებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედებთ

ჩვენ შევხვდებით დაზარალებულებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ ისნის რაიონის გამგებელმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა განაცხადა, რომელიც ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე მივიდა.

როგორც გამგებელმა აღნიშნა, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ხანძრის ლიკვიდაცია დილის 08:00 საათისთვის მოახდინა.

მისივე თქმით, შესაბამისი ორგანოები მუშაობენ ზარალისა და გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

“ჩვენ შევხვდებით დაზარალებულებს და ჩვენი კომპეტენციის ფაერგლებში ვიმოქმედებთ. გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში ის შედის, რომ ჩვენ შუამავალ რგოლს წარმოვადგენთ ბაზრობის დირექციასა და მოვაჭრეებს შორის. გავერკვევით სიტუაციაში და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა პრობლემებია გადასაჭრელი და რა მოთხოვნები ექნებათ დაზარალებულებს”, – განაცხადა ქიზიყურაშვილმა.

რაც შეეხება კომერციული ფართების დაზღვევას, ისნის გამგებლის განცხადებით, არამარტო დაზღვევა, არამედ ბევრი საკითხია დასარეგულირებელი, მათ შორის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო საკითხები.

“ამაზე, ალბათ, თვითონ ხელშეკრულების გაფორმების დროს პასუხისმგებლობა უნდა აიღონ შესაბამისი ტერიტორიის ხელმძღვანელებმა და მეპატრონეებმა. ბევრი რაღაც არის დასარეგულირებელი. არ ვიცით, რა ხელშეკრულებით რეგულირდებოდა მათი ურთიერთობები, ვნახავთ, გავერკვევით ყველაფერში. რა თქმა უნდა, ეს საკითხები დასარეგულირებელია”, – განაცხადა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა.

ისნის ბაზრობის ის ტერიტორია, სადაც მეორადი ავტონაწილები იყიდება, საპატრულო პოლიციის ლენტებითაა შემოსაზღვრული, მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებული კომერციული ფართების მფლობელები იმყოფებიან.

ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეჩერდა
შემდეგი სტატია,,ცრუ ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ” – მიხეილ იაშვილის მეუღლე