„ის, რომ პეტრიაშვილის მიმართ შეგნებულად იყო სროლა ქვედა კიდურებზე, პირადულზე მიანიშნებს“

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე თავდასხმას პირად მოტივებს უკავშირებს.

როგორც ქანთარიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაზე უკეთ, მომხდარის შესახებ, ალბათ თავად პეტრიაშვილმა იცის. ამასთანავე, დეპუტატმა აღნიშნა, რომ თავდასხმა სავარაუდოდ პეტრიაშვილის პირადულ საკითხებს უკავშირდება.

„ალექსი პეტრიაშვილი ცოტა ხნის წინ ჩვენი თანამებრძოლიც იყო და აქ არავითარ შუაში არაა პოლიტიკა. უაზრობაა ამაზე ლაპარაკი. მთავარია დროზე გამოჯანმრთელდეს. ყველაზე უკეთ ბუკამ იცის თვითონ მოტივი. რაღაც ალბათ პირადის მსგავსია. პოლიცია ამას გამოიძიებს და უმკაცრესად დასჯის. ინფორმაცია არ მაქვს, რომ პირადულია, მაგრამ ის, რომ მის მიმართ შეგნებულად იყო სროლა ქვედა კიდურებზე, ამაზე მიანიშნებს“, – განაცხადა ქანთარიამ.

მისი თქმით, ფაქტი თავისთავად სამწუხაროა, მითუმეტეს როდესაც პოლიტიკოსს ეხება, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაუკავშირდეს ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებას.

„არ უნდა იყოს ალბათ ჩახლართული ამბავი. ვფიქრობ, ძალიან მალე გამოიძიებენ. კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებას ეს ნამდვილად არ ნიშნავს. ყველგან ხდება ასეთი ფაქტები“, – განაცხადა ქანთარიამ.

კითხვაზე, ხომ არ არის ეს თავდასხმა იმ თვალთვალის გაგრძელება, რაზეც მისი მეუღლე ეკა მიშველაზე ჯერ კიდევ სექტემბერში საუბრობდა, ქანთარია აცხადებს, რომ არსად იკვეთება, გარკვეული უწყებების მიერ პეტრიაშვილის თვალთვალი და ამის ფაქტები არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.

შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია დაახლოებით საათნახევარში დასრულდება
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4778 ლარი გახდა